ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მერაბ მორჩაძეს ბრალი შეეცვალა

თბილისში, საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძეს ბრალი შეეცვალა, ამის შესახებ დღეს გამართული პროცესის შემდეგ გახდა ცნობილი.

როგორც საქმის პროკურორმა, ბესიკ ქვარცხავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,ბრალდებულის მხრიდან დასტურდება კონკრეტულ მოწმეზე ზემოქმედება, რათა ამ მოწმეს ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე შეეცვალა ჩვენება.

„დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობის განხილვა მოხდა. შუამდგომლობა შეეხებოდა ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალის შეცვლას. საბოლოოდ, ბრალდებულის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება, რაც გულისხმობდა სსკ-ის 372 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებას, შეიცვალა ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებით. ბრალდებულს პირველი მდგომარეობით ბრალი ედებოდა მოწმის მიმართ განხორციელებულ ზემოქმედებაში, რაც გულისხმობს მოწმის მოსყიდვას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდება შეიცვალა პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მოწმის მიმართ განხორციელებულ ზემოქმედებას, რათა ამ მოწმემ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია სასამართლო პროცესზე შეცვალოს.
სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული იქნა არა ერთი მტკიცებულება, მათ შორის ბრალდებულის ჩვენება და საბოლოო ჯამში, ყველა მტკიცებულებით და მათ შორის ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებით მიგვაჩნია, რომ დასტურდება ბრალდებულის მხრიდან კონკრეტულ მოწმეზე ზემოქმედება, რათა ამ მოწმეს ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე შეეცვალა ჩვენება.
რაც შეეხება მოწმის მოსყიდვის ფაქტს, პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებით დადასტურდა, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი ბრალდებულის მხრიდან მოწმისადმი თანხის გადაცემას, თუმცა ამის მიზანი არ ყოფილა მოსყიდვა”,-განაცხადა ბესიკ ქვარცხავამ.

სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა. გამოძიების ინფორმაციით, მერაბ მორჩაძე კალანდიების ოჯახის ახლობელია, მ.კ.-ს თანხის სანაცვლოდ ჩვენების შეცვლა სთხოვა და მასზე ზეწოლაც მოახდინა. ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, თუმცა კალანდიების ოჯახთან კავშირს არ უარყოფს.

მერაბ მორჩაძე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან მკვლელობის ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე, მ.კ.-ზე ჩვენების შეცვლის მიზნით, ზემოქმედება მოახდინა და გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სასამართლოში მისთვის სასურველი ჩვენების მიცემას სთხოვდა.

banner
წინა სტატიაში,,მიხეილ სააკაშვილს მდიდარი შეიხები და ჯღანი არ უხსენებია”
შემდეგი სტატია,,გვაქვს დიდი გეგმები და ამბიცია, გავხდეთ რეგიონული ჰაბი არა მხოლოდ ტურიზმისთვის, არამედ ბიზნესისა და ფინანსური მომსახურებისთვის”