ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიამ დასკვნაზე მუშაობის პირველი ეტაპი დაასრულა

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნაზე მუშაობის პირველი ეტაპი დაასრულა.

როგორც საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განაცხადა, დასკვნის პროექტი კომისიის წევრებს უკვე მიაწოდეს, რის შემდეგაც დასკვნის განხილვის ეტაპი დაიწყება.

„ახლა უკვე გადავდივართ ჩვენი საქმიანობის ბოლო ნაწილზე, რაც გულისხმობს ამ დასკვნის განხილვას და საბოლოო პროექტის მომზადებას, რომელიც უახლოეს ხანებში გამოქვეყნდება. ბოლო ორ თვეზე მეტის ხნის განმავლობაში კომისიამ ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა.

ჩვენ 70-ზე მეტი მოწმე გამოვკითხეთ, მათ შორის არასრულწლოვნები. ყველა მხარესთან შეხვედრა გვქონდა. როგორც პროკურატურის, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების პოზიციები მოვისმინეთ. გამოვლინდა კონკრეტული დარღვევები, რომლებიც საბოლოო დასკვნაში აისახება. ასევე გაცემული იქნება კონკრეტული რეკომენდაციები.

ჩვენ დღეს ამ დასკვნის განხილვას დავიწყებთ და ძალიან მალე კონკრეტული ღინისძიებების შესახებ საზოგადოებას ვაცნობებთ, იგულისხმება ამ დასკვნის ნაწილების საჯარო განხილვა. ეს უახლოეს ხანებში მოხდება“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაში საუბარია ყველა იმ თემაზე, რომელიც კომისიის საჯარო სხდომებზე განიხილეს, მათ შორის, საუბარია კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხზე.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავების საკითხს საზოგადოება თვალს საჯაროდ მიადევნებს.

„ამ დასკვნაში ყველა ის საკითხი იქნება აღნიშნული, რომელზეც კომისიის მუშაობის ფარგლებში დისკუსია და საუბრები იყო, რაც საზოგადოებამ ძალიან კარგად ნახა, მათ შორის არის თემები, რომლებიც კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხს ეხება. ბუნებრივია, ეს ყველაფერი დასკვნაში ასახული იქნება“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია დასკვნას დაამტკიცებს და პარლამენტს გადაუგზავნის. სერგი კაპანაძე ვარაუდობს, რომ ეს პროცესი სექტემბრის ბოლომდე დასრულდება.

banner
წინა სტატიაში,,პრეზიდენტმა ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო, ასეთი გადაწყვეტილებებით მისგან განებივრებული არ ვყოფილვართ”
შემდეგი სტატიაოსკარის ნომინაციაზე წარსადგენად საქართველოდან ზაზა ხალვაშის „ნამე“ გაიგზავნება