ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მ.კ-ს დაკითხვა დასრულდა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მთავარი მოწმის, მ.კ-ს დაკითხვა დასრულდა.

მ.კ-ს დაკითხვა თითქმის ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მკვლელობის საქმის ფარგლებში ის მეორედ სახელმწიფო ბრალდების მოთხოვნით დაიკითხა.

ადვოკატები მოწმის ინფორმაციას არ ენდობიან და აცხადებენ, რომ მისი ხელახლა დაკითხვით პროკურატურას პირვანდელი კვალიფიკაციის დაბრუნება სურს.

„მიუხედავად იმისა, სასამართლოში მოწმეების დაკითხვის შემდეგ დადასტურდა, რომ საგამოძიებო ორგანოს საქმე სრულყოფილად არ ჰქონდა გამოძიებული, პროკურატურა პირველ ვერსიას ჯიუტად იმეორებს, რომ ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა დანაშაული. ბრალდების მხარე ემხრობა მოწმეს, რომელიც არ არის დამაჯერებელი. მოწმე, რომელმაც მინიმუმ სამჯერ სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლო შეცდომაში შეიყვანა. დღეს კიდევ დაიკითხა და უკვე მერამდენედ შეცვალა მისი ჩვენება მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე. იმედი მქონდა, რაღაც ეტაპზე საგამოძიებო ორგანო აღიარებდა, რომ საქმე არასწორად იყო გამოძიებული. მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სხვა პირები მონაწილეობდნენ აღნიშნულ დანაშაულში. ბევრი რამ საგამოძიებო მოქმედებისას გაფუჭებულია. ამ ყველაფრის გამოსწორება მესმის, რთულია. მჯერა, თუ სასამართლო პრინციპულობას შეინარჩუნებს, არ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას. დღეს მოვისმინეთ მოწმის განმარტებები, როგორ ცდილობდა აეხსნა, რატომ აძლევდა სხვადასხვა ინფორმაციებს“, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

ამასთან, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის პროკურორი თორნიკე ნადირაძე განაცხადა, რომ საქალაქო სასამართლოს შეეძლო, მსჯავრდებული არასრულწლოვნები დავით სარალიძის მკვლელობისთვის გაესამართლებინა. პროკურორის თქმით, ამისთვის საკმარისი მტკიცებულებები არსებობდა.

თორნიკე ნადირაძე აცხადებს, რომ პროკურატურა პირვანდელი კვალიფიკაციის დაბრუნებას ელოდება.

„მ.კ-მ ცალსახად განმარტა, რომ მის მიმართ მორჩაძისგან განხორციელდა ზემოქმედება. დახურული პროცესი იყო. ყველა დეტალს ვერ ვიტყვი. ის, რომ მოწმე მ.კ-მ მიაწოდა სასამართლოს სანდო ჩვენება, ცალსახად დადასტურდა. მოწმემ მიუთითა, რა უნდა შეეცვალა პირვანდელ ჩვენებაში. ბრალდების მიერ გასაჩივრდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. დავით სარალიძის ეპიზოდზე, სადაც ერთ-ერთი ბრალდებული გამართლდა, არასწორი შეფასება იყო და ეს უნდა დავამტკიცოთ. ამ ყველაფრის ერთობლიობაში შეფასების შედეგად, მნიშვნელოვანია, ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს სასამართლომ. საუბარია იმაზე, რომ ორივე ბრალდებული ცნობილი უნდა იყოს დამნაშავედ სარალიძის მკვლელობისთვის. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ დასტურდებოდა ამ მოზარდების დანაშაული და საკმარისი მტკიცებულებები არსებობდა“, – განაცხადა თორნიკე ნადირაძემ.

მ.კ. სწორედ ის მოზარდია, რომლის პასუხისგებაში მიცემასაც დროებით საგამოძიებო კომისიაში შემავალი ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ. მათი თქმით, მოზარდი პასუხისგებაში უნდა მიეცათ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოზარდს, რომელსაც დავით სარალიძის მკვლელობა ედებოდა ბრალად, მუხლი გადაუკვალიფიცირდა და ის დამნაშავედ ცნეს მკვლელობის მცდელობაში. ხოლო მოზარდს, რომელსაც ბრალად ედებოდა დავით სარალიძის და ასევე ლევან დადუნაშვილის მკვლელობა, სასამართლომ მხოლოდ დადუნაშვილის მკვლელობისთვის ცნო დამნაშავედ.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შემდეგი სხდომა 21 თებერვალს გაიმართება.

banner
წინა სტატიაში“ყოვლად წარმოუდგენელია, უკვე ყველანაირი ნორმიდან ამოვარდნილი” – ბიძინა გეგიძე “რაგბის კავშირის” მიერ მიწის გასხვისებაზე
შემდეგი სტატიათბილისის მერია კომერციული ბანკებიდან 62 მილიონი ლარის სესხს აიღებს