ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე დააკავეს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე.

მერაბ მორჩაძის დაკავება განხორციელდა მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელზეც გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლი მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე გამოსაძიებლად პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს სისხლის სამართლის საქმეს იმ დამატებითი გარემოებების დასადგენად, რომლებიც მკვლელობის ძირითადი საქმის სასამართლოში განხილვისას გამოიკვეთა.

კერძოდ, გამოძიების მიზანია, დაადგინოს ის შესაბამისი პირები, რომლებიც მუდმივად, ფარულად ცდილობდნენ ფაქტების (მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების) დამახინჯებას და ფინანსური თუ სხვა გავლენების გამოყენებით სასამართლო განხილვის შედეგებზე ზემოქმედებას.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში ბრალდებულებს 10 წლითა და 6 თვით და 9 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეეფარდათ.

კერძოდ, ბრალდებულ გ.ბ-ს, რომელიც უდანაშაულოდ არის ცნობილი დავით სარალიძისმკვლელობისთვის, ხოლო დამნაშავედ არის ცნობილი ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობისთვის, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით, მაგრამ სასჯელის ვადა ერთი-მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ, 10 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

მეორე არასრულწლოვანი – გ.ჯ – უდანაშაულოდ არის ცნობილი განზრახ მკვლელობისთვის და დამნაშავედ არის ცნობილი მკვლელობის მცდელობისთვის. მას 13 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა სასჯელი ერთი-მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა“, – განაცხადა მოსამართლემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გუშინდელ სხდომაზე დაადგინა.

banner
წინა სტატიაში“თეა, წადი!” – როგორ ჩამოხსნეს საჰაერო ბურთები (ვიდეო)
შემდეგი სტატია“რატომ ვერ იჭერენ მირზა სუბელიანს?-ნიკა გვარამიას სკანდალური “ფეისბუქ-პოსტი”