პოლიტპატიმარი ნანა თხელიძე პროკურორ ჯარჯი წიკლაურს სკანდალურ ბრალდებას უყენებს

14424114_343403906000414_1348099860_oპოლიტპატიმარი ნანა თხელიძე პროკურორ ჯარჯი წიკლაურს სკანდალურ ბრალდებას უყენებს.

„ჯარჯი წიკლაური მთავარი პროკურატურის გენისპექციის უფროსი იყო. გენისპექცია რიგითი განყოფილება არაა და მას სამართლებრივი დარღვევების კონტროლი ევალება. ეს ადამიანი დღეს გამოდის და მეუბნება, რომ თურმე, მოუპოვებია პროკურატურას მასალა,“ – აცხადებს „თაიმერთან“ საუბრისას პოლიტპატიმარი ნანა თხელიძე.

შეგახსენებთ: ჯარჯი წიკლაურმა განცხადება „26 მაისის საქმის“ გამოძიების ახალ დეტალებზე გააკეთა. მისი თქმით, „პროკურატურამ მოიპოვა გამოძიებისთვის აქამდე უცნობი ვიდეოკადრები, რომელიც 26 მაისის ღამეს არის გადაღებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოპერატორის მიერ. კადრებში ასახულია 2011 წლის 26 მაისს თუ როგორ გასცემს დანაშაულებრივ ბრძანებას დავით ახალაია, რომელიც ითხოვს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ყველა მომიტინგის დაკავებას და სანაცვლოდ თანამშრომლებს ჰპირდება მაღალ პრემიებს“.

„ყველაფერ ამის შემოქმედი ჯარჯი წიკლაურიც იყო. ნუთუ, დაილია საქართველოში პროკურორი, რომელსაც სუფთა წარსული ექნება. ყოფილი მაღალჩინოსები იყვნენ მხილებულნიო, – ამბობს და თავად ვინ იყო?! თვითონ სად იყო ამ დროს, რატომ არავინ ეკითხება?! სამარცხვინოა, რომ ამას ჯარჯი წიკალური აცხადებს, ანუ ის პიროვნება, რომელიც ჩემთან, ციხეში შემოდიოდა ადეიშვილის დავალებით და მაიძულებდა, გამეკეთებინა ოპერაცია. შემოდიოდა ციხეში ყოველგვარი კანონის დაცვის გარეშე – ჩემი არც გამომძიებელი იყო და არც – პროკურორი. ის იყო გენერალური ინსპექციის პროკურორი. ჩემს დაავადებასთან საერთოდ რა საქმე ჰქონდა? ექიმი იყო თუ რა?“ – კითხულობს პოლიტპატიმარი ნანა თხელიძე, რომლის თქმითაც, წიკლაურის დღევანდელი განცხადების შემდეგ ჩნდება შეკითხვა, ეს მასალები დღემდე შენახული ჰქონდა თუ მართლა იპოვა? „ვსვამ შეკითხვას: ეს მასალები მას ხომ არ ჰქონდა შენახული და ახლა გამოაჩინა?! ამ მასალებზე მას მიუწვდებოდა ხელი!“ – ამბობს ნანა თხელიძე.

შეგახსენებთ: დღეს პროკურატურამ „26 მაისის საქმესთან“ დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე, ბრალდებულად იქნენ ცნობილნი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი დავით ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა. ასევე, საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად, აღნიშნულ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით, დაბარებულ იქნა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე.

www.timer.ge

 

 

banner
წინა სტატიაშიანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი შორდებიან
შემდეგი სტატია(video) რუსი ჟურნალისტი უსაფრთხოების მიზნით საქართველოში ჩამოდის