ყოფილი პარლამენტარის გზა “ნაციონალური მოძრაობიდან” “ქართული ოცნების” შემწირველობამდე და 306 მილიონი ლარი სახელმწიფო შესყიდვებიდან – “საერთაშორისო გამჭვირვალობა” აქვეყნებს კვლევას, სადაც ნათქვამია, რომ შპს “ცეკურმა” 2011 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებით 306 909 196 ლარი მიიღო.
ამ კომპანიის 63% წილის მფლობელი პარლამენტის ყოფილი წევრი – სერგო ხაბულიანია, 37% წილს ფლობს და დირექტორის პოზიციას იკავებს მისი შვილი, ბექა ხაბულიანი.
როგორც TI წერს, “ცეკურს” მოგებული 68 ტენდერიდან 33-ში კონკურენტი არ ჰყოლია, ხოლო 16 ტენდერი სხვა მონაწილეთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო.
“სერგო ხაბულიანი საქართველოს პარლამენტის წევრი 2012 წელს გახდა. იგი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, თუმცა ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა “ნაციონალური მოძრაობა” და პარლამენტში საქმიანობა დამოუკიდებელ დეპუტატად განაგრძო. 2018-2020 წლებში სერგო ხაბულიანმა, მისმა მეუღლემ ლელა მეშველიანმა და შვილებმა ბექა და ირაკლი ხაბულიანებმა და კომპანია “ცეკურმა” “ქართული ოცნებასა” და პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 398,000 ლარი შეწირეს, კერძოდ:
სერგო ხაბულიანმა 2018 წელს 60,000 ლარი შესწირა პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, 2020-2021 წლებში კი – 110,000 ლარი პარტია “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს”;
ბექა ხაბულიანმა 2018 წელს 60,000 ლარი შესწირა პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, 2020-2021 წლებში კი – 120,000 ლარი პარტია “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს”;
ირაკლი ხაბულიანმა 2018 წელს 3,000 ლარი შესწირა პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს,
ლელა მეშველიანმა 5,000 ლარი შესწირა პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს
შპს “ცეკურმა” 2017 წელს 40,000 ლარი შესწირა პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს”
“ცეკურის” ჩართულობა სახელმწიფო შესყიდვებში
შპს “ცეკური” სახელმწიფო შესყიდვებში 2011 წლიდან მონაწილეობს და ჯამში 306,909,196 ლარის ხელშეკრულებები მიიღო, საიდანაც 290,476,745.8 ლარის ხელშეკრულებები ტენდერებზე მოდის, 16,432,450 ლარის ხელშეკრულებები კი – 23 გამარტივებულ შესყიდვაზე.
“ცეკურს” მოგებული 68 ტენდერიდან 33-ში კონკურენტი არ ჰყოლია, ხოლო 16 ტენდერი სხვა მონაწილეთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო.
შპს “ცეკურისგან” მომსახურებას, ძირითადად, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყიდულობს: კომპანიამ დეპარტამენტის 27 ტენდერი მოიგო, ასევე მიიღო 7 გამარტივებული შესყიდვა,” – წერს TI.
ორგანიზაციის შეფასებით, შპს “ცეკურის” ჩართულობა სახელმწიფო შესყიდვებში აჩენს ეჭვებს პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით. ამიტომ, TI სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, რომ შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს.