ყოფილი მხედრიონელის, დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ყოფილი მხედრიონელის, დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ექიმმა, ნიკა ქარცივაძემ განუცხადა.

ექიმის ინფორმაციით, მდგომარეობა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, თუმცა ამჟამად კონტროლს ექვემდებარება.

“სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ მოყვანილია პაციენტი, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში გამჭოლი ჭრილობა იყო. ჰქონდა ჰემორაგიული შუქი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, დაუყოვნებლივ აყვანილია საოპერააციო ბლოკში. მიმდინარეობს ოპერაცია, ძირითადი ეტაპები ფაქტურად დასრულებისკენა არის. შემდეგ მკურნალობა გაგრძელდება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ჰემორაგიული შოკი და სუნთქვის უკმარისობა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობაა, თუმცა, ამ მომენტისთვის მდგომარეობას ვაკონტროლებთ და მის მდგომარეობას შეიძლება დაერქვას სტაბილურად მძიმე. რა თქმა უნდა, სიცოცლისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობაა, თუმცა ამჟამად კონტროლს ექვემდებარება”, – ამბობს ნიკა ქარცივაძე.

შსს-ს ინფორმაციით, ყოფილ მხედრიონელს, დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს, დიღმის მასივში, მათსავე საცოხვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. შედეგად, დაიჭრა დოდო გუგეშაშვილი და ადგილზე გარდაიცვალა მისი შვილი.

“დღეს მიღებული შეტყობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებული დ.გ.-ს და მის შვილს 1985 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცოხვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. გ.გ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე, მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები”, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, გუგეშაშვილების ოჯახი და ბრალდებული სავარაუდოდ, ერთმანეთს იცნობდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიე. წ ამხანაგური გასამართლების ობიექტი გავხდი – დოლიძე
შემდეგი სტატიაფიზიკურ პირებს სუნელებისა და სანელებლების წარმოება-რეალიზაცია ეკრძალებათ