ყოფილი მიმტანი: 5 წლის წინ ბერა კრიტიკული პოსტის გამო დამემუქრა

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი და ყოფილი მიმტანი, ტატო ცეცხლაძე ტელეკომპანია ფორმულასთან საუბრისას ყვება, რომ 5 წლის წინ, 2016 წელს ბერა ივანიშვილი Facebook-ზე გამოქვეყნებული კრიტიკული პოსტის გამო ემუქრებოდა.

ტატო ცეცხლაძე ყვება, რომ 2016 წელს შვებულების პერიოდში მიმტანად მუშაობის დროს ბერა ივანიშვილმა მომსახურების საფასურის გადახდისას არ დატოვა ე.წ თიფი – დამატებითი თანხა მომსახურებისთვის, რისთვისაც ცეცხლაძემ ის Facebook-პოსტში გააკრიტიკა. ცეცხლაძის თანახმად, პოსტის დაწერის შემდეგ ბერა ივანიშვილი რესტორნის მფლობელს დაუკავშირდა და დააშანტაჟა. რის შემდეგაც რესტორნის მფლობელმა ცეცხლაძეს პოსტის წაშლა მოსთხოვა.

“ამ სტატუსის დაწერიდან დაახლოებით ნახევარ საათში გაჩნდა ობიექტის მფლობელი, მენეჯერი და ყველა, ვინც კი მუშაობდა ობიექტზე. მფლობელმა მთხოვა, წამეშალა სტატუსი. მე ვუთხარი უარი, იმიტომ რომ არ მსურდა სტატუსის წაშლა. ეს კონკრეტული სტატუსი გამოქვეყნებული იყო Facebook-ის ჩემს პირად გვერდზე. ამის შემდეგ მფლობელს დაუკავშირდა უშიშროების წარმომადგენელი, ამის შემდეგ უშიშროების წარმომადგენელი მესაუბრა მე, მერე მესაუბრა ბერა ივანიშვილი.” უვება ტატო ცეცხლაძე.

ცეცხლაძე დარწმუნებულია, რომ მენეჯერი სავარაუდოდ დაადასტურებს მის მონათხრობს. ცეცხლაძე ყვება, რომ ბერა ივანიშვილმა მას შეურაცხყოფა მიაყენა, სტატუსის წაშლა მოსთხოვა და დაემუქრა

“ბერა ივანიშვილმა მითხრა, რომ როგორც მიმტანმა, მან არ იცოდა, რომ 12 წელი ჟურნალისტად ვმუშაობდი, ჩავთვალე, რომ მილიონერის შვილს ვესაუბრებოდი და გადავწყვიტე ფულის გაკეთება, ვიყავი მიგზავნილი კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან, რომ გამეკეთებინა ფული… მომაყენა ძალიან პირადი შეურაცხყოფა, რომელიც არ მინდა ეთერში გავიმეორო, არ მეხება პირად მე, ეხება ოჯახის წევრებს. მითხრა, რომ თუ მე ამ ამბავს გავაგრძელებდი მექნებოდა სერიოზული პრობლემები.” – ყვება ცეცხლაძე.

ცეცხლაძე ყვება, რომ ბერა ივანიშვალთან საუბრის დასრულების და რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ მას გარეთ 5-6 დაბურულშუშებიანი მანქანა დახვდა, რომლებიც ფეხით მოსიარულე ცეცხლაძეს უკან გაჰყვნენ. ცეცხლაძე აღნიშნავს, რომ ეს პირდაპირ დაშინების მცდელობა იყო. ცეცხლაძის თანახმად, ამ მოვლენებიდან ორი კვირის შემდეგ რესტორნიდან გაათავისუფლეს.

ტატო ცეცხლაძე ყვება, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ურეკავდნენ უშიშროების წარმომადგენლები, იყო დაშინების მცდელობები და ითხოვდნენ სტატუსის წაშლას.

“როდესაც მე ვესაუბრე ბერა ივანიშვილს, მთავარი მოთხოვნა იყო წამეშალა სტატუსი და მომეხადა ბოდიში” – ამბობს ცეცხლაძე.

ცეცხლაძე ყვება, რომ მისგან ითხოვდნენ Facebook-ის საშუალებით ბოდიშის მოხდას და ამ ამბის მედიის მიერ გაშუქება უზრუნველყოფილი იქნებოდა.

ტატო ცეცხლაძე ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს და როგორც თავად ამბობს აქვს პოლიტიკური დევნილის სტატუსი. ცეცხლაძე განმარტავს, რომ პოლიტიკური სტატუსი არ მიუღია კონკრეტულად ამ ინციდენტის გამო, თუმცა ამბობს, რომ ქართული ოცნების მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა უზრუნველყო მისთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭება. პოლიტიკური დევნილის სტატუსის მიღების საჭიროებას ცეცხლაძე თავის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. ის აღნიშნავს, რომ დღეს ჟურნალისტები საქართველოში არ არიან დაცულები, რათა თავისუფლად გააშუქონ მოვლენები.

 

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშილაშა დამენია: პლებისციტი არავის შეუთავაზებია ხელისუფლებისთვის
შემდეგი სტატიაანიტა რაჭველიშვილს ბერა ივანიშვილზე კრიტიკული სტატუსის დაწერიდან მეორე დღეს მის ოჯახის წევრს თავს დაესხნენ