ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილი ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტში ცვლილებები შევიდა

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილი ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტში ცვლილებები შევიდა

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტში ცვლილებები შევიდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებების თანახმად, მცირდება საპარკინგე ადგილები, მათ ადგილზე კი გამწვანებული და სპორტული ზონები განთავსდება.

კახა კალაძის განცხადებით, ცენტრალური პარკის მოსაწყობად დედაქალაქის მუნიციპალიტეტი არცერთ თეთრს არ დახარჯავს და მუნიციპალიტეტისთვის საჩუქრად გადაცემულ ტერიტორიაზე პარკის მოწყობის ხარჯებს სრულად საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ გაიღებს.

„არაერთხელ მისაუბრია ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტის მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამ მასშტაბის რეკრეაციული სივრცე დედაქალაქში სამწუხაროდ, არ გვაქვს. არსებული სივრცე იყო კერძო საკუთრება – ტერიტორიას ფლობდა ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი. მათ ეს მუნიციპალიტეტს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის შედეგად, გადასცეს საჩუქრად და აქ მოეწყობა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ცენტრალური პარკი. მინდა, ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას, რომელიც საზოგადოების ნაწილმა ვერ გაიგო, ნაწილმა კიდევ კარგად გაიგო, მაგრამ ცდილობს, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი არ შემოიფარგლა ამ სივრცის დედაქალაქისთვის გადაცემით, მთლიანად სამუშაოები, რაც იქნება ჩასატარებელი – გამწვანების, მოწესრიგების, რეაბილიტაციის, ყველა ხარჯს ეს ადამიანი იღებს თავის თავზე. მუნიციპალიტეტს არ ექნება დასახარჯი არცერთი თეთრი. პროექტი ხორციელდება ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დაფინანსებით, რისთვისაც მინდა მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება პროექტში შესულ ცვლილებებს, თბილისის მერის განცხადებით, 440 ადგილის ნაცვლად, პარკში 245 საპარკინგე ადგილი დარჩება.

„პროექტში შევიდა შემდეგი სახის ცვლილებები: საპარკინგე ადგილის ფართი შემცირდა და მის ადგილზე, 5 937 კვადრატულ მეტრ ფართობზე, დაგეგმილია გამწვანებული სივრცეებისა და ჩოგბურთის მოედნის მოწყობა. პარკში დარჩება 245 საპარკინგე ადგილი, ნაცვლად 440 ადგილისა. აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანებული სივრცეები და ჩოგბურთის სპორტული მოედანი მოეწყობა. გარდა ამისა, შეიცვალა დეკორატიული ატრაქციები. კერძოდ, ფრანგული ბაღისა და ბოტანიკური ბაღის ადგილზე, რომელთა საერთო ფართობი 28 232 კვადრატულ მეტრს შეადგენდა, გაუქმდება და აღნიშნულ ფართობზე მოეწყობა მხოლოდ გამწვანებული სივრცეები და საპიკნიკე მოლები, ხოლო მცირე ზომის გორაკებზე დაირგვება ხე-მცენარეები ჩრდილისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

წინა სტატიაშირუსეთის პატრიარქი ილია მეორეს მისთვის გაგზავნილ წერილში ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად არ მოიხსენიებს
შემდეგი სტატიაპელოსის თვითმფრინავის შესაჩერებლად ჩინეთი მის წინ ჭურვების გასროლით იმუქრება