ყოფილი გამგებლის ავტომობილი დაწვეს – Toyota Prado-სთვის ცეცხლის წაკიდება სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს

პოლიტიკური შურისძიება თუ კრიმინალური გარჩევა – თბილისში სამგორის ყოფილი გამგებლის მანქანა დაწვეს. ცეცხლი მამუკა ჩოქურის Toyota Prado-ს დღეს გამთენიისას წაუკიდეს.

ეს ჩოქურის ავტომობილის დაწვის უკვე მეორე შემთხვევაა. პირველად სამგორის ყოფილ გამგებელს ავტომობილი სამი წლის წინ დაუწვეს. მამუკა ჩოქური მომხდარის მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა ამ ეტაპზე პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს.

ჩოქური ამბობს, რომ მას უთანხმოება არ აქვს არც ბიზნესპარტნიორებთან, შესაბამისად მისთვის უცნობია, რა გახდა ავტომობილის დაწვის მიზეზი.

„ესეთი ფორმით თუნდაც პოლიტიკურად არ ხდება. აქ უფრო პიროვნულია… კონფლიქტი არ მაქვს არავისთან, არავის ხაზები არ გადამიკვეთია, არვინ არ შემიწუხებია და არავის არ შევუწუხებივარ,“ – ამბობს ჩოქური.

ჩოქურის თქმით, კამერებმა დააფიქსირეს ის ადამიანი, ვინც მის მანქანას ცეცხლი წაუკიდა, თუმცა მისი სახე კამერის ჩანაწერებში არ ჩანს. კადრებში ჩანს, რომ მამაკაცი ჩადის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოდან, ავტომობილს წვავს და ამის შემდეგ იმავე სადარბაზოში შედის. ჩოქურის ინფორმაციით, ამ ადამიანს კაპიუშონი აქვს წამოფარებული და შესაბამისად, მისი სახე ვერ დააფიქსირეს კამერებმა.

რაც შეეხება სამი წლის წინ მომხდარ შემთხვევას, ავტომობილის დაწვის ფაქტზე სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ. ჩოქურის თქმით, იმის გამო, რომ მომხდარისთვის მას განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია, არ დაწყებულა გამოძიება, შესაბამისად არ მომხდარა დამნაშავეთა იდენტიფიცირება.

ჩოქური დავით ნარმანიას გუნდის წევრი იყო და თანამდებობიდან კახი კალაძის მერად არჩევის შემდეგ გადადგა. დღეს უკვე ის ბიზნეს საქმიანობას ეწევა. რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელია და მას ჰყავს უცხოელი პარტნიორებიც.

შსს-მ გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების მუხლით დაიწყო. ჩოქური სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს, თუმცა არ არის გამორიცხული მისი დაბარება საგამოძიებო უწყებაში კიდევ მოხდეს.

banner
წინა სტატიაშიოთარ კახიძე : სასამართლოს სისტემის ძირეული რეფორმაა დასაწყები
შემდეგი სტატია“ენმ” თემირლან მაჩალიკაშილს საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხვს