ოკუპირებულ ყოფილ ზნაურის რაიონის სოფელ ძაღინაში გაუჩინარებული ორი მამაკაცი (72 და 67 წლის) რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, ღამით, ფრონეს ხეობის სიღრმეში იპოვეს. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიისა და სააგენტო „რესის“ ცნობით, მოხუცები სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
ადგილობრივმა სამსახურებმა შეტყობინება 4 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე მიიღეს, რის შემდეგაც მუხაურის ხეობის ძნელად მისადგომ ადგილებში სამძებრო სამუშაოები დაიწყო. ოპერაციის დაწყებიდან ორ საათში მაშველებმა დაკარგულებს მიაგნეს — ერთ-ერთი მამაკაცი მდინარეში იყო ჩავარდნილი, ხოლო მეორე წყლით სავსე ორმოში იმყოფებოდა და დამოუკიდებლად ამოსვლას ვერ ახერხებდა.
ამოყვანის მომენტში ორივე დაზარალებულს ძლიერი გადაცივება (ჰიპოთერმია) და სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა. ისინი სასწრაფოდ გადაიყვანეს ზნაურის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში, სადაც ამ დროისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.















