ხმაურია ბათუმის ნავსადგურში, სადაც მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აქციას მართავენ.
პოლიცია ჯებირით შემოსაზღვრული ტერიტორიის გათავისუფლებას და შეკრებილების ჯებირებს მიღმა გადაყვანას ცდილობს. აღნიშნულს შეხლა-შემოხლა და დაპირისპირება მოჰყვა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანეს.
“გდდ, რობოკოპები, პოლიცია, ყველაფერი აქ ჰყავთ… თქვენ გიცავთო და ვისგან გვიცავენ, პუტინისტებისგან?”, – ამის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ბათუმში მიმდინარე აქციაზე საუბრობს.
არ დავუთმობთ ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანას. გავაგრძელებთ მართლა ბოლო ამოსუნთქვამდე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველამ კარგად დაინახა ამ ხელისუფლების რუსული სახე. ჩვენ გვინდა ახლა, წარმოიდგინეთ, ქალაქში ვართ, ბათუმში, სადაც ტურისტულ მექად იქცა პრეზიდენტ სააკაშვილის დროს, 6 მილიონამდე ტურისტი ჩამოდიოდა ბათუმში და დღეს რუსებით გადავსებულია აქაურობა, რომლებიც აქ სახლდებიან. პუტინისტებით, რასაკვირველია, ნახევარზე მეტი დივერსანტია. აი ისეთი დამოკიდებულებით, გემიდან რაც გვაჩვენეს ზუსტად. აი ეგეთი პუტინისტები შემოჰყავთ. არ გვინდა, ვერ შევეგუებით…
გდდ, რობოკოპები, პოლიციის ძალიან დიდი რაოდენობა, ყველაფერი აქ ჰყავთ მოყვანილი. რას იცავთო, რომ კითხო, გვეტყვიან, თქვენ გიცავთო და ვისგან გვიცავენ, პუტინისტებისგან? რცხვენიათ, ხომ არ გეტყვიან რუსებს ვიცავთო. ჩვენ უნდა გვაგინონ ამ რუსებმა, გვითხრან, რომ აფხაზეთი რუსეთია და რუსეთის გუბერნია ვართ და ეს ხალხი ჩამოვიდეს და ესენი წითელი ხალიჩით უნდა დახვდნენ, – ამბობს ხაბეიშვილი.
ბათუმის ნავსადგურში მოქალაქეებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შეკრება 00:00 საათისთვის დაიწყეს. როგორც ისინი აცხადებენ, გამთენიისას საკრუიზო ლაინერი, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, კვლავ აპირებს ბათუმის ნავსადგურში შემოსვლას. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. ნავსადგურის გარშემო გამყოფი ჯებირებია დამონტაჟებული, რასაც აქციის მონაწილეების პროტესტი მოჰყვა.