29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ხმაური პირველ სამშობიაროში – ოჯახის წევრების ინფორმაციით, ოპერაციის გაკეთების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და არასათანადოდ მკურნალობენ

პირველ სამშობიარო კლინიკაში კვლავ ხმაურია. ოჯახის წევრები პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, რადგან აღნიშნავენ, რომ ოპერაციის გაკეთების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და არასათანადოდ მკურნალობენ.

კერძოდ, განმარტავენ, რომ ახალგაზრდა ქალს, რომელიც 15 დღეა კლინიკაშია, დიალიზის აპარატი სჭირდება, თუმცა „გაფუჭებული აქვთ და ვერ უკეთებენ“.

„გოგოს თირკმელები გაუჩერდა [თირკმლის მწვავე უკმარისობა]. 15 დღეა საავადმყოფოშია. ჭრილობა დაჩირქებულია და შესაბამისი მოვლა არ აქვთ. სამშობიაროში რა უნდა ინფექციურ პაციენტს? რატომ არ გადაიყვანეს დროზე სხვა კლინიკაში?! ახლა, გოგო, ცუდად გახდა და დიალიზის აპარატი გაფუჭებული აქვთ, ვერ უკეთებენ“, – აღნიშნავს ოჯახის წევრი.

როგორც პაციენტის დედა განმარტავს, ექიმმა გააფრთხილა პაციენტი, რომ ოპერაცია 15 წუთში დასრულდებოდა, თუმცა, ოპერაციის შემდეგ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო და უფრო დამძიმდა.

“პატარა ჯირკვალი ჰქონდა, ზაზა ზაუტაშვილმა კი უთხრა, არანაირი საშიშროება არ არის, პატარა ჯირკვალია, 15 წუთიანი ოპერაციაა და საღამოსვე წახვალ სახლშიო. ვერ წავედით! იმ დღის შემდეგ, ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება და მძიმდება! არავინ მეხმარება. ვთხოვ, ჯანდაცვის სამინისტროს, „ავერსის“ კლინიკას, დამეხმარეთ ბავშვის კლინიკაში გადაყვანაში. 6 წლის შვილი ჰყავს ჩემს შვილს და არ გაწიროთ“,- აღნიშნა პაციენტის დედამ „ტვ პირველთან“ საუბარში.

რაც შეეხება, თავად სამედიცინო დაწესებულებას, მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრებმა კლინიკის წარმომადგენლის ოთახი დაიკავეს, მან ოჯახის წევრებს მიმართა: „ვცდილობ, ვრეკავ. მე არ ვიღებ გადაწყვეტილებას [სხვა კლინიკაში გადაყვანაზე].

კლინიკასთან შეკრებილები აღნიშნავენ, რომ 32 წლის გოგო და ოპერაციის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაცვლილი 35 წლის ქალი ერთ პალატაში იყვნენ, რომლის ოჯახის წევრები მედიკოსების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ.

პირველ სამშობიარო კლინიკაში მობილიზებული იყო პოლიცია

banner
წინა სტატიაშითბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
შემდეგი სტატიაახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სტრასბურგის სასამართლოში მზია ამაღლობელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე საჩივარი წარადგინა