ხმაური პარლამენტში – რატომ დაბლოკა “ქართულმა ოცნებამ” ქიმიური იარაღის სკანდალზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა?!

BBC-ის სკანდალის ირგვლივ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება. “ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივა სესიაზე კენჭისყრის დროს დაბლოკა.

მანამდე ტრიბუნა დაიკავა გახარიას გუნდის წევრმა გია ფარულავამ, რომელმაც საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა და ის კითხვები გააჟღერა, რომელზეც, მისი თქმით, მნიშნელოვანია, პასუხები არსებობდეს.

აუცილებელია, პასუხი გაეცეს კითხვებს: სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადგილი ხომ არ ჰქონდა ისეთი აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენებას, რომელიც დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან იკრძალება საქართველოს კანონმდებლობით. ასევე, ამდენად პროპორციულად და შესაბამისი ინტენსივობით იქნა გამოყენებული ისინი, – განაცხადა ფარულავამ.

ოპოზიციონერის ამ გამოსვლას პარლამენტის დარბაში “ოცნების” უკმაყოფილება მოყვა. ნინო წილოსანი დაინტერესდა, რა კომპეტენცია აქვს საკითხზე ფარულავას, რომელიც სუსს არ გააჩნია.

უკაცრავად, თქვენ რა პროფესიის ხართ? ამ კითხვებზე რომ აპირებთ პასუხები გასცეთ ქიმიური ნივთიერებების შერევასთან დაკავშირებით და კომპეტენცია გაქვთ იმაზე უფრო მაღალი, ვიდრე სუსის გამოძიებამ დადო თავისი დასკვნა?, – თქვა წილოსანმა.

თავის მხრივ, აღშფოთება ვერც “ოცნების” დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა დამალა.

როდენის პოზაში, ამ მკაცრი სახით, ამ საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება, ხელში პასტით კი არ უნდა ჰგავდეს თქვენს დღევანდელ გამოსვლას, თავჩაქინდრული უნდა იდგეთ თქვენს გუნდთან ერთად და ბოდიშს უხდიდეთ საზოგადოებას ის, რაც გააკეთეთ თქვენი ლიდერიანად რუსთაველზე, – ამბობს ზავრადაშვილი.

პარლამენტის დარბაზში მორიგი ვნებათღელვა გახარიას გუდნის კიდევ ერთი წევრის, გიორგი შერვაშიძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. ოპოზიციონერი დეპუტატი დაინტერესდა, როგორ მოახერხა სუსმა 5 დღეში ქიმიური იარაღის გარშემო გამოძების ჩატარება.

ამასთან, პოლიტიკოსმა “ოცნებას” აქციების დროს ჟურნალისტებზე თავდასხმები გაახსენა, რომლებეც რეაგირება დღემდე არ ყოფილა.

5 დღეში ჩატარებული გამოძიებით, გვაინტერესებს, როგორ დაადგინეთ, წყალში გარეულ ნივთიერებას ადამიანის ჯანმრთელობაზე ხანგრძლივი ეფექტი ჰქონდა თუ არ ჰქონდა? ან რატომ უნდა ენდოს ხალხი თქვენს გამოძიებას მაშინ, როცა იგივე ნოემბერ-დეკემბერში ჩადენილ არცერთ უკანონობაზე რეაგირება საერთოდ არ მოგიხდენიათ? ან რისი თქმა გინდათ, რომ ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული არაადამიანური სისასტიკე იყო პროპორციული და კანონიერი, თუ მაგალითად, ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძის სიკვდილისთვის გამეტება იყო ჰუმანური აქტი? თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს კითხვები არის არალეგიტიმური და უკანონო არაფერი ჩაგიდენიათ, მაშნ რატომ გაურბიხართ ამ საგამოძებო კომისიის შექმნას?, – თქვა შერვაშიძემ.

პარტია “საქართველოსთვის” წევრების მოთხოვნას, შეიქმნას საგამოძებო კომისია, “ოცნების” დეპუტატი ირაკლი კირცხალია ჩვეული ცინიზმით გამოეხმაურა.

თქვენი შექმნილი საგამოძიებო კომისია არ გაიშვა. უბრალოდ, ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი. მორალური უფლება მაინც ხომ უნდა გქონდეს ადამიანს, როდესაც რაღაცაზე ვსაუბრობთ. ხომ არ დაგავიწყდათ, აქ როგორ ხართ? ყოველთვის შეგახსენებთ-თქო, ხოხმ გითხარით? რა 12 მანდატზე საუბრობთ, რა ლეგიტიმაციაზე საუბრობთ? ვინ არის თქვენი საზოგადოება? ის სამას კაციანი დახელფასებული ბრბო, რომელიც აქ დარბის რუსთაველის გამზირზე? თუ გიგაური, ლომჯარია და სამოქალაქო საზოგადოება გახარია? და კოლექტიური ნაცმოძრაობის თითოეული დანაყოფი? კარგი მენეჯერი აიყვანეთ და თანხა მაინც აიღეთ, გაინაწილეთ შემდეგი დაკვეთების შესასრულებლად, ვინმეს რამეში გამოადგებით თავისი დესტრუქციისთვის, – თქვა კირცხალიამ.

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

სუს-ის განცხადებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი – ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.

სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება – ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი.

banner
წინა სტატიაშითიბისი 33 წლისაა თვითრწმენის, გამბედაობისა და მოუსვენრობის ისტორია
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის კრეატიულმა კამპანიებმა საერთაშორისო Epica Awards-ზე სამი მედალი მოიპოვა