ხმაური განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო. მცირე სიტყვიერი შელაპარაკება „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრს, ნანა ტოხვაძესა და კომიტეტის თავმჯდომარეს გივი მიქანაძეს შორის მოხდა.

ნანა ტოხვაძე სკოლების რეაბილიტაციის დაგვიანებასა და რემონტისთვის არასაკმარისად გამოყოფილ თანხებზე საუბრობდა, რა დროსაც გივი მიქანაძემ მას საუბრის გაგრძელების საშუალება არ მისცა, მიკროფონი გამოურთო და შემდეგ კი, კომიტეტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

„ეს არის ნატანების სკოლის ჩამონგრეული ბათქაში და რატომ არის ეს ბათქაში ჩამონგრეული? – იმიტომ, რომ სკოლის დატვირთვა ვერ უძლებს ზემო ნატანების სკოლიდან შემოხიზნულ მოსწავლეებს. გადავრჩით უბედურებას. მოხდა ისე, რომ დაზიანდა ორი სრულწლოვანი ადამიანი, რომელიც საბედნიეროდ გადარჩა, მაგრამ იქ რომ ყოფილიყო დაწყებითი კლასის მოსწავლე, დიდი უბედურება დატრიალდებოდა. მინდა, განათლების კომიტეტის წევრებს მოგმართოთ, ის თანხები რაც განათლების სამინისტროს ბიუჯეტისთვისაა მოთხოვნილი, რატომ არის 47 მლნ და რატომ არაა 67 ან 97? იქნებ ამდენია საჭირო? თერჯოლის 1-ელი საშუალო სკოლა, ჩხოროწყუს მეორე სკოლა, თბილისის 15 სკოლა… დაგვიანებით ხდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, იქნებ მეტია საჭირო?“- განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

მის საპასუხოდ კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მისი მიზანი სხდომაზე შოუს დადგმაა.

„იძულებულს გამხდით დაგატოვებინოთ დარბაზი. თქვენი მიზანი თუა რომ მოხვიდეთ და აქ რაღაც შოუ დადგათ, არ გამოგივათ. დატოვეთ დარბაზი, თქვენი პოლიტიკური შოუები შეინახეთ თქვენი პარტიისთვის და მოაწყვეთ თქვენს პარტიაში“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

banner
წინა სტატიაშიარაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. საგარეო მინისტრმა გადაწყვეტილება მიიღო, აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჩაბარდეს
შემდეგი სტატიაგვაქვს ინფორმაცია, რომ ნათია თურნავამ ბანკებისადმი ბრძანება ანგარიშის გაყინვის თაობაზე საღამოს გამოსცა და ფარცხალაძეს ჰქონდა შესაძლებლობა გადაექაჩა თავისი ფული რუსეთში – გოცირიძე