საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხი განიხილება, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის, მაია კოპალეიშვილისა და სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას მკვეთრი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
დაძაბულობა მას შემდეგ შეიქმნა, რაც კოპალეიშვილმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ არჩილ გორდულაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ ის სასამართლოს პროცესის ჩარჩოებს უსაზღვრავს, ხოლო სასამართლოს რეპლიკები ზუსტად იმეორებს გორდულაძის მოთხოვნებს.
„როგორც კი გორდულაძე რაღაც ჩარჩოებს განუსაზღვრავს სასამართლოს, ის შენიშვნებს აკეთებს მხარეების მიმართ… ბატონო არჩილ, თქვენ ყოფილიყავით მოსამართლე, მე ვხედავ ბატონ არჩილ გორდულაძეს, როგორც მომავალი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს“, — განაცხადა მაია კოპალეიშვილმა, რასაც დარბაზში ხმაური და ანა წითლიძის რეპლიკა („ფუი ეშმაკს“) მოჰყვა.
აღნიშნულ განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მწვავედ უპასუხა და აღნიშნა, რომ ყოფილი მოსამართლისგან მსგავსი შეფასებები მიუღებელია:
„მითითება იმის თაობაზე, რომ ბატონი არჩილ გორდულაძე განუსაზღვრავს სასამართლოს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს და ვის რა სიტყვა უნდა მისცეს, არის სასამართლოს შეურაცხყოფა… როგორ შეიძლება იმაზე ისაუბროთ, რომ სასამართლო რაიმეში გზღუდავთ? ეს ხომ იყო ძალიან არაადეკვატური შეფასება მიმდინარე მოვლენების. თქვენ ცდილობთ სასამართლოს ისე წარმოჩენას, თითქოს რაიმე საკითხში გზღუდავთ“, — მიმართა ნადარაიამ მაია კოპალეიშვილს.

















