ხმაური ახმეტის საკრებულოს სხდომაზე – ადგილობრივებმა საკრებულოს წევრებს სხდომის გაგრძელების საშუალება არ მისცეს

ხმაური ახმეტის საკრებულოს სხდომაზე – საკრებულოს წევრებს ახმეტის მოსახლეობამ სხდომის გაგრძელების საშუალება არ მისცა.

სხდომაზე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო და ქვემო ალვანის მოსახლეობა მივიდა.

ისინი ფშაველი-აბანო-ომალოს გზის გაწმენდის სამუშაოების საკითხის განხილვას და ქმედითი ღონისძიებების გატარებას ითხოვდნენ. მოსახლეობას ასევე სურს ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მომუშავე კომპანია „არილისა“ და საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

„არ გვინდოდა საკრებულოს სხდომის ჩაშლა, მაგრამ ყურადღება ხომ უნდა მოგვაქციოს ვინმემ? ამ დრომდე არაფერი ეშველა იმ ტბას, რომელიც რომ მოენდომებინათ აქამდე დაცლიდნენ წყლისგან. ტურისტული სეზონი ფაქტობრივად ჩავარდა, რომელიც ივნისში უნდა დაწყებულიყო. ფერმერებს მთაში ვერ გადაჰყავთ პირუტყვი და ეხოცებათ. რადიკალური ზომების მიღებასა და გზების გადაკეტვას საკრებულოზე მოსვლა ვარჩიეთ“, – განაცხადა დგილობრივმა სოსო ბაბულაიძემ.

საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი აცხადებს, რომ თუშების მოთხოვნის შესაბამისად, საგზაო დეპარტამენტისა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელები თუშეთში იმყოფებიან.

ფერმერები კი, საკრებულოს შენობის დატოვებას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე არ მიიღებენ კომპეტენტურ და ზუსტ პასუხს თუშეთის გზის გახსნასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გაეროს რეზოლუციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია რადგან მათი კანდიდატი შალვა შავგულიძე გამოდის ზნეობის, კანონის საწინააღმდეგოდ და აქვს პოლიტიკური ამნეზია”- გია ვოლსკი