რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყირიმის ხიდზე აფეთქებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე ხიდის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად “კონკრეტული წინადადებები” განიხილა და თქვა, რომ ყირიმის ხიდზე დარტყმის პასუხი აუცილებლად იქნება.
„დღეს, ხიდის წინააღმდეგ კიდევ ერთი ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. ეს უაზრო დანაშაულია თავისი მნიშვნელობით, რადგან ყირიმის ხიდი დიდი ხანია არ გამოიყენება სამხედრო ტრანსპორტისთვის მას შემდეგ, რაც უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს.
ტერორისტული თავდასხმის გამო, სერიოზულად დაზიანდა საავტომობილო გზა ყირიმის ხიდის რამდენიმე მონაკვეთზე. შედეგად, დროებით შეჩერდა როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო მიმოსვლა. აუცილებელია, მიყენებული ზიანის სრულყოფილი შეფასება და აღდგენითი სამუშაოების რაც შეიძლება სწრაფად დაწყება“, – განაცხადა პუტინმა.
მან სხვადასხვა უწყებას, მათ შორის „ეფესბეს“ ინციდენტის გამოძიება დაავალა და მოუწოდა, მომავალში, „სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ობიექტი“ მსგავსი დარტყმებისგან დაიცვან.
ცნობისთვის, რუსულმა მხარემ თავდაპირველად განაცხადა, რომ „საგანგებო შემთხვევის“ გამო, ყირიმის ხიდზე მოძრაობა შეჩერებული იყო. მოგვიანებით, უკრაინულ მედიაში დაიწერა, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქება უკრაინის უსაფრთხოების და სამხედრო-საზღვაო ძალებმა მოაწყვეს.
ამის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაკეთდა განცხადება, რომ ყირიმის ხიდზე თავდასხმა კიევმა განახორციელა, გადაწყვეტილებები კი ამერიკული და ბრიტანული სპეცსამსახურების მიერ მიიღებოდა.
უკრაინის ხელისუფლებას მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია.