ხიდაშელი – ხელისუფლებას ხვეწნა-ვედრებით უნდა ევლო ბრიუსელში

ჩვენს ხელისუფლებას ხვეწნა-ვედრებით უნდა ევლო ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრმა კი გუშინ ქარხანა გაგვიხსნა – ძალიან ტრაგიკულ მდგომარეობაში ვართ, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დღეს მოსალოდნელ დასკვნაზე ისაუბრა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ქვეყნის შიგნით არსებული ვითარებისა და პარტნიორების მხრიდან გაკეთებული განცხადებების ფონზე სასწაულის მოლოდინი უნდა გვქონდეს.

“სასაწაულის მოლოდინი უნდა გვქონდეს იმ ყველაფრის ფონზე, რასაც ვუყურებთ შინ და გარეთ – ქვეყანაში რა განცხადებებიც კეთდება და რა დამოკიდებულებას აჩვენებს ხელისუფლება, მეორე მხრივ კი არის პასუხები, რასაც ვიღებთ სხვადასხვა ევროპელი ლიდერებისგან. დღევანდელი დასკვნის მიმართ არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, იმიტომ, რომ ეს დასკვნა პროცედურულია და რეალურად მიმდინარე მოვლენებზე უნდა გაკეთდეს შეფასება. საქართველოში, სამწუხაროდ, არაფერი ხდება ისეთი დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით იმ კრიტიკის პასუხად, რომელიც უკვე რამდენი ხანია ისმის ევროპული სტრუქტურებიდან, რაც დაგვაიმედებდა, რომ დღეს კომისიას ოპტიმისტური დასკვნა ექნება. მე მაინც იმედს ვიტოვებ, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილების ჯერი დადგება 24 ივნისს, ევროპის პოლიტიკური ლიდერები საქართველოს არ ჩატოვებენ რუსეთის უკანა ეზოში. მათი გონიერების იმედი მაქვს, რადგან გასაგებია, რომ საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ ისტორიულ მომენტში, როდესაც ჩვენს ხელისუფლებას ხვეწნა-ვედრებით უნდა ევლო ბრიუსელში. საგარეო საქმეთა მინისტრმა კი გუშინ ქარხანა გაგვიხსნა. ძალიან ტრაგიკულ მდგომარეობაში ვართ”,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიჯო ბაიდენი – აშშ-ში საწვავის ფასების ზრდა უკრაინაში ომისთვის „გადასახდელი საფასურია“
შემდეგი სტატიარუსეთმა ნიკოლაევი დაბომბა – არის მსხვერპლი და დაშავებულები