ხევსურეთი და თუშეთი, შესაძლოა, რუსეთს დარჩეს

რატომ ცხოვრობს მთავრობა ფუფუნებაში, როცა 77.000 ბავშვი შიმშილობს, ვინ და რა მიზნით აქცია საქართველოს რეგიონები მიუვალ ადგილებად, სად უნდა მოეწყოს ივანიშვილის წინააღმდეგ აქცია? _ ამ თემებზე “ახალ თაობას” ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი ესაუბრება.

_ გაეროს კვლევების თანახმად, საქართველოში 77.000 ბავშვი შიმშილობს და ამავე საქართველოში რამდენიმე გუბერნატორმა იმდენი ოდენობის საწვავი მოიხმარა, რაც დედამიწისთვის სამჯერ წრის დასარტყმელად იყო საკმარისი. ამასთან დაკავშირებით რის თქმა შეიძლება?
_ მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ივანიშვილისა და მისი მონების გაუმაძღრობას საზღვარი არა აქვს. მონები მლიქვნელობით ცდილობენ, ასიამოვნონ თავიანთ ბატონს, რომელიც მათ ყველაფრის უფლებას აძლევს. პრემიას სახელად დანამატი დაარქვეს და ამით თურმე ბედნიერები უნდა ვიყოთ.
ამ დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, კახეთის სამხარეო პროკურორმა წელიწადში 23-ჯერ აიღო დანამატი. საბოლოო ჯამში, დანამატი მის წლიურ ხელფასზე ორჯერ მეტი გამოვიდა. სხვა პროკურორებიც ასე იქცევიან.
ამ მხრივ არც გუბერნატორები იქნებიან გამონაკლისი. უბრალოდ, ახლა საწვავის ხარჯებზე გამოქვეყნდა კვლევა, თორემ დანამატებთან დაკავშირებითაც საინტერესო სურათს მივიღებდით.
საწვავის ხარჯებს რაც შეეხება, ეს არის სრული უნამუსობა და მეტი არაფერი. ქვეყანაში, სადაც 77.000 ბავშვი შიმშილობს, ხოლო 300 ბავშვი შიმშილით მოკვდა, ხელისუფლების წარმომადგენლები ფუფუნებაში არ უნდა ცხოვრობდნენ.
ჩინოსნებს ოფიციალურადაც ძალიან მაღალი შემოსავლები აქვთ. აღარაფერს ვამბობთ იმ შემოსავლებზე, რომლებსაც კორუფციული გარიგებებით იღებენ. ამის გამო ივანიშვილი არავის სჯის. მხოლოდ მაშინ ახსენდებათ კორუმპირებულები, როცა რაღაც თემის გადაფარვა უნდათ.
ადრე საქართველოში ღვინის ქურდები იყვნენ აქტუალურები, “ოცნების”  გუბერნატორებმა საწვავის ქურდების თემა წამოსწიეს წინ. ამ ხელისუფლების დამსახურებაა ისიც, რომ საქართველოში უკვე ჩაყრილი ვაზის ქურდობაც დაიწყეს.
_ აქამდე ასეთი რამე არ მომხდარა?
_ ჩაყრილი ვაზის ქურდობის ფაქტები ამ გაზაფხულამდე არ დაფიქსირებულა. აქამდე ხალხი გაჭირვებამ მიიყვანა. გაჭირვებაში კი ხალხი “ოცნებამ” ჩააგდო, რომლის ჩინოსნების გაუმაძღრობას, როგორც უკვე გითხარით, საზღვარი არა აქვს. გუბერნატორები ფსევდომაგელანებად გადაიქცნენ და, საწვავის ხარჯებს თუ შევხედავთ, დედამიწას არტყამენ წრეებს.
_ დედამიწას არა, მაგრამ, ხომ შეიძლება, ეს საწვავი გუბერნიაში სამოძრაოდ დახარჯეს?
_ ამდენი საწვავის დახარჯვა, უბრალოდ, გამორიცხულია. ამ საწვავს ზოგი ყიდის, ზოგი ახლობლებს ურიგებს.
უკვე დროა, საზოგადოებამ მოითხოვოს ჩინოსნებისთვის დანამატების გაცემის აკრძალვა. იმ დროს, როცა ხალხი საჭმელს ვერ ყიდულობს, ივანიშვილის მონები ათეულობით ათას ლარს იღებენ დანამატის სახით. ამ ფულს ბიუჯეტიდან იღებენ, რომელსაც ჩვენ ვავსებთ.
ასევე ხალხმა უნდა მოითხოვოს, რომ ხელისუფლებამ უარი თქვას ფუფუნებაზე. დიახ, ფუფუნებაა იმ მანქანებით სარგებლობა, რომლებითაც ჩინოვნიკები სარგებლობენ.
საქართველო ევროპის ერთ-ერთი უღატაკესი ქვეყანაა და დიდი უნამუსობაა, რომ აქ ჩინოვნიკები 40.000-იანი, 50.000-იანი, 100.000-იანი და 150.000-იანი ჯიპებით გადაადგილდებიან.
დედაქალაქის მერი ხშირად გამოდის და გარემოს დაბინძურებას ტაქსისტებს აბრალებს, ამბობს, რომ დროა, ხალხმა ელექტრომობილები იყიდოს. ეს ცუდი იდეა არ არის, მაგრამ, მოდით, ეს ყველაფერი ხელისუფლებიდან დავიწყოთ. ჯერ ჩინოსნები გადასხდნენ ელექტრომობილებზე.
სულაც არაა აუცილებელი, რომ ჩინოვნიკები მაღალი გამავლობის მანქანებით სარგებლობდნენ. ასეთი ტექნიკით შეიძლება პოლიციამ და სამხედროებმა ისარგებლონ. სპეცტექნიკითა და მაღალი გამავლობის მანქანებით შეიძლება საგზაო დეპარტამენტმაც ისარგებლოს, რომლის წარმომადგენლებს ხშირად უწევთ მთიან რეგიონებში სიარული.
მაღალი გამავლობის მანქანები გაცილებით მეტ საწვავს მოიხმარენ და ეს ბიუჯეტისთვის დამატებითი ხარჯია. სოციალურად დაუცველების დასახმარებლად ბიუჯეტში თითქმის არასდროს აქვთ ფული, მაგრამ ჩინოსნების საწვავისთვის ყოველთვის გამოინახება რაღაც თანხა.
_ თქვენ თქვით, რომ მაღალი გამავლობის მანქანები შეიძლება საგზაო დეპარტამენტმა გამოიყენოს. მაგათ რა ჯანდაბად და დოზანად უნდათ სპეცტექნიკა, ივნისი მოვიდა და საქართველოს რამდენიმე რეგიონი კვლავ გარესამყაროსგან არის მოწყვეტილი. საავტომობილო გზის გაწმენდასაც კი ვერ ახერხებენ.
_ “ოცნება”, წინა ხელისუფლების მსგავსად, ხშირად ამბობს, რომ საქართველოსთვის ტურიზმი უმნიშვნელოვანესია. ეს მართლაც ასეა, მაგრამ ამ მიმართულებით უმძიმესი ვითარებაა შექმნილი.
ტურიზმის განვითარების პარალელურად, აქ სოფლის მეურნეობაც უნდა ვითარდებოდეს. სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის საქართველოს უნიკალური ბუნება აქვს, მაგრამ რად გინდა. ქართული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე მხოლოდ 20-25%-ით არის წარმოდგენილი. დანარჩენი პროდუქცია საზღვარგარეთიდან შემოგვაქვს.
ეს იმას ნიშნავს, რომ რაც ტურიზმიდან საქართველოში ფული შემოდის, 70-80% გადის გარეთ. ცოტა ხანში ტურიზმი იმ შემოსავალსაც აღარ მოგვცემს, რასაც აქამდე გვაძლევდა.
ივნისი დაიწყო და დღემდე გაუხსნელია თუშეთის გზა. ტურისტის ასვლას ვინ ჩივის, ცხვარი ვერ აუყვანია ხალხს ზაფხულის საძოვრებზე.
უუნარო ხელისუფლება ადამიანებს მიტინგებს აწყობინებს გზის გახსნის მოთხოვნით, რაც, უცნაურთან ერთად, საეჭვოც არის. თუშეთი სვანეთთან ერთად უცხოელ ტურისტებში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ხევსურეთის მიმართულებითაც საკმაოდ მძიმე ვითარებაა. არათუ როშკა და აბუდელაურის ტბების მიმართულება, არამედ შატილი-მუცოს გზაც გაუვალია. იქ მხოლოდ ორხიდიანი მანქანით მოხვდებით.
გარდა იმისა, რომ გზებია მოუწესრიგებელი, ხელისუფლება ტურისტებსაც აფრთხობს.
_ დაფრთხობა რით გამოიხატება?
_ დაცულ ტერიტორიებზე, პრომეთეს მღვიმეში და მარტვილის კანიონებში შესვლა ძალიან გაძვირდა. იმდენად გაძვირდა, რომ იქ წასვლაზე უცხოელებიც კი უარს ამბობენ, აღარაფერს ვამბობ ქართველ ვიზიტორებზე.
ასეთი დამოკიდებულება, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანს იქამდე, რომ ტურისტები საქართველოში საერთოდ აღარ ჩამოვლენ. იმის გამო, რომ დამატებითი შემოსავალი მქონდეს, ამ სფეროში ვარ ჩართული და კარგად ვიცი აქ არსებული პრობლემები. არ მინდოდა, სხვების მსგავსად, ხალხისთვის ბიუჯეტიდან ფული მომეპარა.
_ არადა, თქვენ გქონდათ შანსი, საკმაოდ მაღალი პოსტი დაგეკავებინათ, “ოცნებას” გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეობაზე უთხარით უარი.
_ სხვა თანამდებობებზეც მქონდა შემოთავაზებები, მათ შორის წინა ხელისუფლების დროსაც.
_ რატომ არ დათანხმდით?
_ ბუნების განადგურების ხარჯზე ვერ ვაცხოვრებდი ოჯახს, ამიტომაც ვთქვი უარი ამ თანამდებობებზე. ამით საკუთარი თავიც დავაზარალე, ოჯახიც, მაგრამ, სამაგიეროდ, ხალხის წინაშე ვარ პირნათელი.
ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ტურისტულ სფეროში ადგილობრივები იყვნენ დასაქმებული. უცხოელი ტურისტები ხშირ შემთხვევაში საკუთარი გიდებით გადაადგილდებიან, ტრანსპორტიც საკუთარი ჰყავთ. ასე რომ, ამ სფეროდან ქვეყანას არანაირი ხეირი აღარ რჩება.
როგორც გოგი წულაია იტყოდა, ხშირ შემთხვევაში ტურისტები საქართველოში განავლის გარდა არაფერს ტოვებენ.
_ ზემოთ თუშეთზე და ხევსურეთზე ვისაუბრეთ, ორივე მათგანი საზღვრისპირა რეგიონია, რუსეთს ერთგანაც და მეორეგანაც გადმოწეული აქვს საზღვარი, ეს არ არის დამატებითი მიზეზი საიმისოდ, რომ ხელისუფლებამ ამ კუთხეებს დამატებითი ყურადღება მიაქციოს? თუ სწორედ რუსული ინტერესიდან გამომდინარე ხდება ამ რეგიონების უყურადღებოდ დატოვება?
_ თუშეთიც და ხევსურეთიც თითქმის დაცლილია და თუ ამ მიმართულებით დამატებითი პრობლემები შეიქმნება, ხალხი ზაფხულობითაც აღარ მოინდომებს ასვლას.
მთიანი რეგიონების დაცვა პირდაპირ კავშირშია ქვეყნის უსაფრთხოების დაცვასთან. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მთაში ხალხი დაბრუნდეს. ჩვენს შემთხვევაში კი პირიქით არის საქმე.
რჩება შთაბეჭდილება, რომ შეგნებულად ხდება მთიანი და საზღვრისპირა რეგიონების დაცლა. უპატრონო ეკლესიას კი, როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ეშმაკები ეპატრონებიან.
ამ შემთხვევაში ეშმაკებად შეიძლება რუსეთი მოგვევლინოს, რომელსაც ერთი სული აქვს, საქართველო ისევ ხელში ჩაიგდოს. თუშეთსა და ხევსურეთში ისედაც გადმოწეული აქვთ საზღვარი. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ იქ ხალხი აღარ იქნება.
_ რა შეიძლება მოხდეს?
_ ხევსურეთი და თუშეთი შეიძლება რუსეთს დარჩეს. ოკუპაციის თემაზე ვსაუბრობთ და არ შეიძლება არ ვახსენოთ დავითგარეჯის საკითხი. ეს საკითხი კვლავ პრობლემატურია.
საზოგადოებისა და ეკლესიის აქტიურობის მიუხედავად, პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. ხელისუფლება ამ პრობლემის მიჩუმათებით არის დაკავებული. ცდილობენ, რამენაირად დაგვავიწყონ ეს მიმართულება, რათა შემდეგ უმტკივნეულად გადასცენ ეს ტერიტორია ბაქოს.
პირადად მე ეჭვიც კი არ მეპარება იმაში, რომ ამ თემაზე ივანიშვილი და ალიევი გარიგებული არიან. საკუთარი ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე, `ოცნების~ ლიდერი მზადაა, ეს ძეგლი აზერბაიჯანს მისცეს.
მინდა, მასაც და მის მომხრეებსაც შევახსენო, რომ დავითგარეჯი მხოლოდ ტერიტორია და ჩვეულებრივი მიწა არ არის. ის გახლავთ საქართველოში ყველაზე ძველი და ყველაზე დიდი სამონასტრო კომპლექსი. ის მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლია და ჩვენი ხელისუფლება მის დათმობას აპირებს მხოლოდ იმიტომ, რომ ივანიშვილმა დამატებითი ფინანსური სარგებელი მიიღოს.
_ განა რა სარგებელი უნდა მიიღოს ივანიშვილმა ისეთი, რომ ისტორიაში დავითგარეჯის გამყიდველად შესვლას დათანხმდეს?
_ მას საერთოდ არ აინტერესებს, როგორ შევა ისტორიაში. მისთვის მთავარია, დამატებითი შემოსავლები მიიღოს.
საყდრისიც მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი იყო, მაგრამ ივანიშვილმა ის ააფეთქა, გაანადგურა ბუნება და ეს ადამიანი რატომ იტყვის უარს დავითგარეჯის გაყიდვაზე.
ამ ადამიანის უტიფრობას საზღვარი არა აქვს, ისტორიის ჩათვლით, ყველაფერს გვინადგურებს და მერე, როგორც დიდი ქველმოქმედი, ისე გამოდის. ის მაშინ ხდება ქველმოქმედი, როცა არჩევნებია წინ. მაშინ ახსენდება ზვიად გამსახურდიაც და გაჭირვებული მოსახლეობაც.
ახსენდება, რომ სამება უნდა მოხატოს, მისი მონები ყოველდღე იმას გვაყვედრიან, რომ ივანიშვილმა აგვიშენა სამება. გვახსენებენ, რომ ვიღაცებს ფულს უხდიდა. ეს ფული მან უკვე ამოიღო ჩვენი ჯიბეებიდან. ის ქველმოქმედი ვერ იქნება, რადგანაც ქველმოქმედებას ჩვენთვის წართმეული ფულით ეწევა. ახლა ის დავითგარეჯის გაყიდვით ცდილობს დამატებითი ფინანსების მოძიებას.
მინდა, მივმართო ჩვენს საზოგადოებას, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან ამ მიმართულებით დათმობაზე წასვლა. კიდევ ერთხელ ვამბობ, დავითგარეჯი არ არის ჩვეულებრივი მიწა. მისი დათმობა ისტორიის დათმობას ნიშნავს.
კარგია, რომ გარეჯში იმართება სხვადასხვა აქციები, მაგრამ ერთი სერიოზული აქცია თბილისში, ივანიშვილის სახლთანაც უნდა ჩატარდეს. ათეულობით ათასი ადამიანი უნდა გამოვიდეს და ოლიგარქს უთხრას, რომ ისტორიას არ გავაყიდვინებთ.

 

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიკალაძეს ცოლისძმით აშანტაჟებენ
შემდეგი სტატიალილოში, ჭირნახულის ქუჩაზე სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია