ხერხეულიძე – „ვივამედში“ მნახველებს თუ არ დაუშვებენ, გადაყვანაზე სააკაშვილის პოზიცია არ იქნება დამაკმაყოფილებელი

რწმენა არ მაქვს, მიხეილ სააკაშვილს კონტრაქტორ კლინიკაში უშველიან, რადგან კიდევ უფრო დამძიმდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს იქნება სასარგებლო გადაწყვეტილება, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ეკა ხერხეულიძემ.

ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ „ვივამედში“ სააკაშვილთან მნახველებს თუ არ დაუშვებენ, გადასვლაზე მისი პოზიცია არ იქნება დამაკმაყოფილებელი.

„ადგილზე არ მეგულება კლინიკა, რომელიც არსებულ ვითარებაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებს; ამას აზრი ჰქონდა, ვიდრე რუსთავიდან გლდანში გაიტაცებდნენ, როცა მის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ვითხოვდით. მაშინ ნამდვილად სასარგებლო იქნებოდა ის კონტრაქტორი კლინიკები, როგორიც არის „ვივამედი“ და ინგოროყვა. მიუხედავად იმისა, რომ რწმენა არ მაქვს, მიხეილ სააკაშვილს ამ კლინიკაში უშველიან, რადგან კიდევ უფრო დამძიმდა, მაინც მიმაჩნია, რომ ეს იქნება სასარგებლო გადაწყვეტილება; მაგრამ არის ერთი პირობა – მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ამასთან დაკავშირებით არის დადებითი, რადგან დაუყონებლივ მკურნალობას საჭიროებს; ამას თავად კარგად და რეალურად აფასებს. მაგრამ სააკაშვილის განცხადებით, მას უთხრეს, როცა შესთავაზებენ კლინიკაში გადაყვანას, ვერც ერთი მნახველი ვერ მოინახულებს. საუბარია ადვოკატზე, ოჯახის წევრზე, თანაგუნდელზე, რაც მისთვის იქნება დამატებითი წამების გარემოება. იგივე სისტემა თუ იარსებებს, რაც ახლა არის, როცა მხოლოდ იმ განრიგით ვსარგებლობთ, რაც ხელისუფლებამ დაგვიწესა და ყოველდღე ერთი თანაგუნდელი შედის, არ ვსარგებლობთ სხვადასხვა პარტიული კვოტებით; ერთმანეთში ვთანხმდებით და მასთან ერთი შედის ხოლმე, დავიცავთ ამ სტანდარტს და ვცემთ პატივს იმ მძიმე ვითარებას, რაშიც მიხეილ სააკაშვილია; არც ერთ შემთხვევაში პირობას არ დავარღვევთ, მაგრამ თუ ამაზე უარს იტყვიან, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გადასვლაზე არ იქნება დამაკმაყოფილებელი“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ ამას არ გადავყლაპავთ” – კულება EU-ს
შემდეგი სტატიაგიორგი ხოჯევანიშვილი – „მხოლოდ ევროკავშირისა და ნატოს სრულყოფილი წევრობა უზრუნველყოფს, ეროვნული ინტერესების გრძელვადიან დაცვას“