ხერხეულიძე – სააკაშვილი ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს

ის, რომ მიხეილ სააკაშვილი, ქვეყანაში თავისი რისკის ფასად შემოსული ისევ გავატანოთ სხვა ქვეყანას, ჩემთვის ეს არ იქნება მარტივი გადასაწყვეტი ადამიანურად, იმიტომ, რომ ეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძე უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებას, რომელიც მან სააკაშვილთან დაკავშირებით გააკეთა.

აღნიშნულის შესახებ ხერხეულიძემ ჟურნალისტებს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა, სადაც სააკაშვილის სანახავად შევიდა.

ეკა ხერხეულიძის თქმით, ბევრი რამ შეუძლია პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, მაგრამ მისთვის აქ სასიხარულო არაფერია.

„ერთის მხრივ, მისი მამაცი პოზიცია, რომ ის არ თმობს უკრაინის მოქალაქეს და მის მეგობარს ციხეში, ადამიანურად მისასალმებელია, რადგან ამას გამბედაობა სჭირდება და ამას ხშირ შემთხვევაში, ვერ აკეთებენ ხოლმე. მაგრამ ის, რომ მიხეილ სააკაშვილი, ქვეყანაში თავისი რისკის ფასად შემოსული ისევ გავატანოთ სხვა ქვეყანას, ჩემთვის ეს არ იქნება მარტივი გადასაწყვეტი ადამიანურად, იმიტომ, რომ ეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული, მათ ნებაზე, მტკიცე პოზიციაზე, რამდენად დასაშვები იქნება ეს ფაქტი. უბრალოდ ეს არჩევანია – ჩვენ გავატანთ, თუ არა სხვა ქვეყანას მიხეილ სააკაშვილს”, – აცხადებს ხერხეულიძე.

მისი განმარტებით, საპატიმროში შესვლის ნებართვა აქვს და სააკაშვილთან სასაუბრო თემა ძალიან ბევრია, როგორც მის დაკავებასთან და ასევე, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

“რა თქმა უნდა, საუბრის ყველაზე დიდი წილი დაეთმობა გუშინდელ, ხვალინდელ და ზეგინდელ დღეს, მეორე ტურში ჩვენს კამპანიას, მის მოსაზრებებს. ძალიან საინტერესოა, როგორ უყურებს ის ამ ფაქტს, ზოგადად, როგორ წარმოუდგენია კამპანია. სასაუბრო იქნება, როგორც ადამიანური, ასევე პოლიტიკური თემები.

კითხვაზე, რა პოზიცია აქვს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით სააკაშვილი საქართველოში ფოთიდან შემოვიდა და ე.წ. ტრაილერში იყო, ხერხეულიძე ასე პასუხობს:

“ე.ი. მე-7 დღეს უკვე ტრაილერით შემოვიდა?! მე რაც ვიცი, ვიცი მე და იცის მანაც. არ ვაპირებ იმაზე საუბარს, რითი შემოვიდა. როცა გადაწყვეტს ისაუბრებს”, – განაცხადა ხერხეულიძემ.

მისი თქმით, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ პოლიტიკური ვითარება შეცვალა, რისი დასტურიც 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების დღე იყო.

“მის მიმართა განხორციელებულმა უსამართლო ნაბიჯებმა განსაკუთრებით შეცვალა და თავისთავად ამან გავლენა იქონია”, – აცხადებს ხერხეულიძე.

მისი თქმით, სააკაშვილთან ციხეში შეაქვს ბეჭდური სახით გამოხმაურებები, რომელიც მის დაკავებას მოჰყვა.

“მინდა ეს წაიკითხოს, რადგან მას არც ტელევიზორი აქვს და არც საინფორმაციო შესაძლებლობა, გაიგოს რა ხდება ქვეყანაში და გაანალიზოს”, – აცხადებს ხერხეულიძე.

banner
წინა სტატიაშიეუთო/ოდირი: მედიაგარემო იყო მკვეთრად პოლარიზებული
შემდეგი სტატია„სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს