ხეობაში თავდაცვის მინისტრის განმეორებითი ვიზიტისთვის მზადება დაიწყო

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები პანკისის ხეობაში ამჯერად სოფელ წინუბანს ესტუმრნენ და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა თინა ხიდაშელმა დუისში 10 იანვარს გამართულ შეხვედრაზე აღნიშნული სოფლის წარმომადგენლებს პირობა მისცა, რომ წინუბანს აუცილებლად ესტუმრებოდა, მანამდე კი, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დეტალურ ინფორმაციას სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიდნენ. ხეობაში თავდაცვის მინისტრის განმეორებითი ვიზიტისთვის მზადება დაწყებულია.

თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მოლოდინი და თავდაცვის მინისტრის მრჩეველი საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში იმედა დარსალია სოფელ წინუბნის მცხოვრებთა პრობლემებს ისმენდნენ და მათ შეკითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდნენ.

მიმდინარე წლის 10 იანვარს პანკისის ხეობის ახალგაზრდებთან შეხვედრისას თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების კარი ყველასთვის ღიაა და ხეობის ახალგაზრდებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან საუბრისას სოფელ წინუბნის ახალგაზრდებს შეკითხვები და მოსაზრებები, სწორედ, შეიარაღებულ ძალებში სამსახურის საკითხზე ჰქონდათ.

„ადგილზე გავეცანით სოფელში არსებულ პრობლემებს. ახალგაზრდებს შეკითხვები აქვთ, თუ როგორ, რა გზით და რა ფორმით უნდა იმსახურონ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. თავდაცვის მინისტრის ვიზიტის შემდეგ ამ მიმართულებით დიდი მზაობაა. ამიტომ, უახლოეს პერიოდში ხეობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების ვიზიტი შედგება. ისინი კიდევ უფრო დეტალურად გასცემენ პასუხებს ახალგაზრდების შეკითხვებს. პანკისის ხეობას კვლავ ესტუმრება თავდაცვის მინისტრი, რომლის შეხვედრაც კონკრეტული პრობლემების მოგვარებზე იქნება ორიენტირებული“, – განაცხადა გიორგი მოლოდინმა.

პანკისის ხეობაში თავდაცვის მინისტრის განმეორებითი ვიზიტი უახლოეს პერიოდში იგეგმება.

banner
წინა სტატიაშისაავტომობილო გზებზე სპეციალური რეჟიმები მოქმედებს
შემდეგი სტატიაპროტესტის მიუხედავად მოლდოვის ახალი მთავრობა მოვალეობის შესრულებას შეუდგა