ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი ავტომობილი და ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი ავტომობილი და ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

“120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა, დაახლოებით, 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილი მოქალაქეების საძიებო სამუშაოებს 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. ადგილზე დამატებით მობილიზებულები არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს განმნაღმველები, რომლებიც მეწყრულ მასაში მოყოლილ ავტომობილს ეძებდნენ. საძიებო სამუშაოები, ასევე, მიმდინარეობს მდინარე სატეხიაში, საიდანაც გადავარდნილი ავტომობილი უკვე ამოღებულია, ხოლო მისი მძღოლი დაკარგულია.

გვიან ღამით, აჭარაში სპეციალური აღჭურვილობით ჩავიდნენ დამხმარე ძალები სამეგრელოდან, იმერეთიდან, თბილისიდან და 60 მეხანძრე-მაშველი სამუშაოებში ჩაერთო. ასევე, 2 ოქტომბერს, დილით, 50-კაციანი ჯგუფი შესაბამისი აღჭურვილობით დაიძრა თბილისიდან.” – წერია განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 112-ში 440 შეტყობინება შევიდა. შეტყობინებების უმეტესობა ეხება დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებს და სარდაფებს. რამდენიმე ადგილას, გზაზე, ჩამოწოლილია მიწის მასა, ჩახერგილია გზა, ადიდებულია მდინარეები და ღელეები.

გუშინ, 1-ელ ოქტომბერს, აჭარაში მოსული უხვი ნალექის შედეგად მეწყერმა სახლი და მანქანა წაიღო, რომელშიც მოქალაქეები იყვნენ.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: 8 წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ პენსიონერს ექვსი დოლარით მოუმატა პენსია
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით ფოთში ზეთის საწარმო შენდება