17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის კომპანიამ სახელმწიფოსგან 2 855 000 ლარის ქონება იყიდა

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის კომპანიამ სახელმწიფოსგან 2 855 000 ლარის ქონება იყიდა.

ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და წერს, რომ საუბარია ბათუმის პორტთან ახლოს, თევზის ბაზრიდან დაახლოებით 100 მეტრში მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 2 შენობაზე. აუქციონის პირობის მიხედვით, ამ ადგილას საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი უნდა აშენდეს.

გამოცემის ცნობით, მიწის ნაკვეთის ფართობი 848 კვადრატული მეტრია, ხოლო ორი ორსართულიანი. შენობის ჯამური ფართობი – 417,72 კვადრატული მეტრი. შესყიდული ქონება ბაქოს ქუჩის #29-ში, ტურისტულ არეალში, მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ობიექტების მიმდებარედაა. მაგალითად, ერთ მხარეს ხელოვნური კუნძული შენდება, მეორე მხარეს კი ბათუმის პორტი და საბაგიროა, ახლოსაა ბათუმის იახტკლუბიც.

ბათუმელები ასევე წერს, რომ ელექტრონულ აუქციონზე ქონების საწყისი ფასი 1 მილიონ 655 000 იყო და საბოლოოდ, შპს „იუან პროჯექტსმა“ 2 855 000 ლარად შეისყიდა. ვაჭრობის ბიჯი 40 000 ლარი იყო. აუქციონის მიხედვით, მიწის ნაკვეთის საყიდლად ერთმანეთთან კონკურენციაში 3 კომპანია შევიდა. გამარჯვებული, შპს „უან პროჯექტსმა“ 15 მაისს გამოვლინდა. კომპანიას ქონების საფასურის გადახდის ვალდებულება ორ ეტაპად აქვს – 2026 წლის 1-ელ სექტემბრამდე უნდა გადაიხადოს თანხის 30%, ანუ დაახლოებით 856 500 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა – პირველ დეკემბრამდე.

შესყიდვის პირობები მიხედვით, აქ მომდევნო ორი წლის განმავლობაში 2 500 000 ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. ამ ვადაში უნდა ამოქმედდეს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი, „სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90% უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეებს“.

banner
წინა სტატიაშიუნგრეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო შესწორება დაამტკიცა
შემდეგი სტატიაუკრაინამ და მისმა ცხრა მოკავშირემ ევროპული რაკეტსაწინააღმდეგო ფარის შესაქმნელად ანტიბალისტიკური კოალიცია ჩამოაყალიბეს