ხელოვნური კუნძულისთვის კომპანიას – ამბასადორი ბათუმი აილენდი – ზღვაში დამატებით 43,3 ჰექტარს 65 წლით გადასცემენ.
როგორც გამოცემა ბათუმელები წერს, აღნიშნული ტერიტორია სახელმწიფოს მიერ ორი თვის წინ ზღვაში ნაკვეთად დარეგისტრირდა და ის ახლა კომპანიას აღნაგობის უფლებით 1 ლარად გადაეცემა.
“მიეცეს თანხმობა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 65 წლის ვადით, სარგებლობაში გადაცემის საფასურად 1 ლარად, აღნაგობის უფლებით გადასცეს ქალაქ ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ არსებული 433 917 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი [წყლით დაფარული ტერიტორია]“,_ აღნიშნულია განკარგულებაში, რომელსაც კობახიძემ ხელი 2026 წლის 29 მაისს მოაწერა და გამოცემა ბათუმელები ავრცელებს.















