ხელოვნების სასახლემ შეიძინა ბრიტანული კომპანიის „Artsonline” მიერ შემოთავაზებული ნახატი, გრაფ ოლდენბურგის კოლექციიდან

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი აგრძელებს ფონდების შევსებას.

ამჯერად, ხელოვნების სასახლემ შეიძინა ბრიტანული კომპანიის „Artsonline” მიერ შემოთავაზებული ნახატი, გრაფ ოლდენბურგის კოლექციიდან. ეს არის პორტრეტი სახელწოდებით ”A Fair Reflection”. – “ლამაზი ანარეკლი“.

ამ შენაძენით, საქართველომ დაიბრუნა ნამუშევარი, რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ იქნა ქვეყნიდან გატანილი. ძვირფასი ტილო დადიანებმა თავის დროზე პარიზიდან ჩამოიტანეს და ის ხელოვნების სასახლეში ანდრია დადიანის კოლექციაში ინახებოდა (ანდრია დადიანი 1903 წელს ამჟამინდელ ხელოვნების სასახლის შენობაში ცხოვრობდა). საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ქართველმა დიდგვაროვანებმა ბევრი რამ ქვეყნიდან გაიტანეს ან უცხოეთში გაყიდეს თავის სარჩენად. ასე იმოგზაურა ნახატმა თბილისიდან კიევში და შემდეგ – ლონდონში. 2005 წელს ნამუშევარი კრისტის აუქციონზე გამოჩნდა, მაგრამ მაშინ ქართულმა მხარემ მისი შეძენა ვერ შეძლო. დღეიდან კი პორტრეტმა ხელოვნების სასახლეში დაიდო ბინა.

ნამუშევარი განსაკუთრებული და ორიგინალურია. ზეთში შესრულებული პორტრეტი დახატულია მე-19 საუკუნის ოსტატის, ფრანგი მხატვრის შარლ-ლუი მიულერის მიერ (1815-1892). მიულერი იყო პორტრეტების ცნობილი მხატვარი და დეკორატორი, მეტსახელად მიულერ დე პარი. იგი ჯერ პარიზში სწავლობდა სახვითი ხელოვნების სკოლაში, ბარონ გროს კლასში, შემდეგ კი ლეონ კოგნიესთან გადაინაცვლა. მხატვარმა საკუთარი ნამუშევრების გამოფენა 1834 წლის ფრანგ მხატვართა სალონში დაიწყო და ტრადიციას არ ღალატობდა 1892 წლამდე. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი სალონ დენონის ჭერისა და ლუვრის „Salle des Etats“-ს დეკორაციები. შემდგომში მიულერი მუშაობდა არქიტექტორ ჰექტორ ლეფუელთან, ნაპოლეონ III-სთვის ახალი ლუვრის შესაქმნელად.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი – საქართველო სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ, ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით
შემდეგი სტატიაენტონი ბლინკენის განცხადებით, არ ვარაუდობს, რომ პუტინი უკრაინას ოლიმპიადის დროს დაესხმება თავს, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში მოხდა