„ხელნაწერები ცეცხლში არ იწვიან“ – როგორ გადავარჩინოთ საქართველოს ისტორია!?

„30 წელზე მეტია სახელმწიფოდ ვერ შევდექით და ამ 30 წლის მანძილზე, ცდილობენ წარხოცონ სახელმწიფოებრივი ღირსება, ეროვნული თავმოყვარეობა, თვითმყოფადობაზეც კი უარს ამბობენ გარკვეული ინვესტიციების, ფინანსირების გამო! აი, აქედან იწყება ყველაფერი, ყველა ის უბედურება, რაც გვჭირს. ასეთ ვითარებაში რომელ სიძველეზე და რესტავრაციაზეა საუბარი?! დღეს მასიურად გვესმის, რომ ვართ ბნელი, განუვითარებელი, ჩამორჩენილები. თურმე ყველაფერი უცხოა კარგი, ეს კი პირველ რიგში,  გაუნათლებლობიდან მოდის“, – ამბობს სტუ-ის პედაგოგი და მკვლევარი, ქიმიის დოქტორი თამარ გაგნიძე.

შვილიშვილი ბებიას კვალზე. თამარ გაგნიძის ბებია ქაღალდსაფუძვლიანი და პერგამენტსაფძვლიანი დოკუმენტური მასალის, რესტავრაცია-კონსერვაციის სკოლის ფუძემდებელი თამარ სახოკიაა. საქართველოს სახელმწიფო არქივის ბაზაზე, 1942-43 წლებში მან ამიერკავკასიაში პირველი, რესტავრაციისა და მიკროფილმირების რესპუბლიკური ლაბორატორია დაარსა. თამარ სახოკიამ შეიმუშავა ეტრატისა და ქაღალდსაფუძვლიანი მასალის რესტავრაციის არაერთი მეთოდი. 1987წელს, როკფელერის ფონდმა თამარ სახოკია აშშ-შიმიიწვია. იმავე წელს, განსაკუთრებული ღვაწლისთვის, იგი მსოფლიო არქივისტთა საპატიო “წითელ წიგნში” შეიყვანეს.

 

აი, ამ ქალბატონის შვილიშვილი, 1993 წლიდან ზრუნავს ჩვენს წარსულზე, ის საქართველოს ისტორიის „მკურნალია“: „ჩვენ ექიმები ვართ გარკვეულწილად – წარსულის მკურნალები. ისტორიული ძეგლები ძალიან გვანან ადამიანებს, ისინი იბადებიან, აქვთ თავისი ცხოვრების ისტორია და დასნეულებული მოდიან ჩვენამდე. ჩვენ ვართ ის მკურნალები, ვინც მათსიცოცხლე უნდა გაუხანგრძლივოს. უბრალოდ, ისტორიულ ძეგლებს, ადამიანებისგან განსხვავებით, ერთი არაჩვეულებრივი თვისება აქვთ – ხელნაწერები ცეცხლშიარიწვიან!“

 

შეგახსენებთ, რომ „თაიმერმა“ გამოაქვეყნა ინტერვიუს პირველი ნაწილი, სათაურით: „წარსულის სახეები, ახალი ტექნოლოგიები ქართული სიძველეების გადასარჩენად“. ინტერვიუ, ძირითადად, ეხებოდა ცოტა ხნის წინ ერევანში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას. ამონარიდი ინტერვიუდან: „ერევანში ყოველ წლიურად იმართება სამეცნიერო სემინარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე. წელს ჩატარდა მერვე საერთაშორისო სემინარი – „წარსულის სახეები“. სემინარში მონაწილეობა მიიღეს, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების, ასევე ევროპისა და აზიის წარმომამდგენლებმა. ზოგადად, ეს არის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი სემინარი, განსაკუთრებით ჩვენისთანა მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქვეყნებისათვის. ამ სემინარში მონაწილეობა ძალზე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც აქ წარმოდგენილი არის სამეცნიერო თემები, ახალი კვლევები ამ მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ იცვლება ტექნოლოგიები და სიძველეები განსაკუთრებულ მოვლა-პატრონობას საჭიროებს“.

 

თამარ გაგნიძე:

– ჩვენი ქვეყანა  ძალიან მდიდარია ბენტონიტური თიხებით. ყველასთვისაა ცნობილი ასკანის თიხები, გუმბრინის საბადო, რასაც ჩვენი მამა-პაპა ოდითგანვე იყენებდა არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის ან საბანმიწებად, არამედ კოსმეტიკურ საშუალებადაც. მათ გასაოცარი თვისებები აქვთ, ძალიან აქტიური აცვოფციური და იონმიმოცვლითი უნარები გააჩნიათ. სწორედ ბენტონიტური თიხების გამოყენება მსურს ქართული სიძველეების გადასარჩენად.

კვლევებს ვატარებ ტექნიკური უნივერსიტეტში არსებულ საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქტების წარმოების განვითარების ხელწემწყობ ცენტრში, რომლის ხელმძღვანელი და დამფუძნებელია მაია წვერავა. გადავწყვიტეთ, ასკანიდების ეს თვისება ისეთ მნიშვნელოვან პროცესში გამოგვეყენებინა, როგორიცაა ნეიტრალიზაცია. საბუთების დაძველება-დაბერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ მომეტებული მჟავიანობაა და ეს შეიძლება მათი განადგურების მიზეზიც გახდეს. ჩემი უცხოელი კოლეგები ძალიან დაინტერესდნენ ამ თემით და უკვე მიწვეული ვარ კიდეც მეცხრე სემინარზე.

 

– კვლევები უკვე ტარდება?

– დიახ.ვმუშაობ მაგისტრანტთან, რომელსაც სწორედ ეს თემა აქვს აღებული და ვიწყებთ ამ კუთხით კვლევებს. აპრობაცია ჩვენ უკვე გავაკეთეთ, რამაც იდეალური შედეგი მოგვცა, შეიძლება ითქვას, მოლოდინს გადააჭარბა – გარდა იმისა, რომ წინასწარი დამუშავების გარეშე ასკანიდების გამონაწვლილი წყალი (ვაყენებთ წყალს გარკვეული პერიოდი, იხსნება ასკანიდები, შემდგომ ხდება გადაწურვა და ამ წყალს ვიყენებთ) იდეალური მაჩვენებლით ხასიათდება, წყალმაბუნებრივი ლამინირების თვისება გამოავლინა და წარმოქმნა დამცავი შრე ქაღალდზე. ძალიან მახარებს და ვამაყობ ამ ფაქტით – ჯერ კიდევ არ ვიცით, რა განძს ვფლობთ!

– მაგრამ ხომ შეიძლება პირველ ეტაპზე მოგცათ კარგი შედეგი, დრომ კი ეს შედეგი „ჩარეცხოს“?

– პროცესს დინამიკაში უნდა დავაკვირდეთ და ამიტომ კვლევებს ვაგრძელებთ. რაც ჩავატარეთ, იყო აპრობაცია, წინასწარი დამუშავების გარეშე.ვიდრე ნეიტრალიზაციის პროცესამდე მივა, ხელნაწერი დამუშავების რამდენიმე ეტაპს გადის, ხდება გაწმენდა-გამტვერიანება. ქაღალდზე ხშირადსხვადასხვა წარმოშობის ლაქებია, ცხიმოვანიც და სხვა სახისაც.  ყველაფრის მოცილება და გაწმენდა ხდება და მხოლოდ ამის შემდეგ მიდის სანეიტრალიზაციო პროცედურამდე. როდესაც წინასწარ უკვე წყლითაა დამუშავებული, ამ შემთხვევაში, გარკვეულწილად, მჟავიანობის ზედაპირული მოხსნა ხდება, ანუ საწყისი pHისედაც ოდნავ დაკლებულია. ჩვენს შემთხვევაში, როდესაც მჟავიანობამომატებული ნიმუშები, ამ პროცედურების ჩატარების გარეშე, პირდაპირ მოვათავსეთ ასკანიტიან ხსნარში, მჟავიანობა თუ გვქონდა 4, მოგვცა 6 და 7. ეს არის იდეალური მაჩვენებელი.

 

– თქვენ ბრძანეთ, რომ ახალი ელემენტები არ არის ძველთან თავსებადი. არ ვიცი, რამდენად ესადაგება თემას ჩემი კითხვა, მაგრამ როდესაც ეს წინადადება თქვით, ეგრევე ბაგრატის ტაძარი გამახსენდა.

– ეს ნათელი მაგალითია ამ შეუთავსებლობისა. მიმაჩნია (ეს არამარტო ჩემი აზრია), რომ ბაგრატის ტაძარი სწორედ არაკომპეტენტურად გაკეთებული რესტავრაციის გამო (ამას რესტავრაციას ვერ დავარქმევ, ეს არის დასახიჩრება) იქნა ამოღებული იუნესკოს ძეგლთა დაცვის ნუსხიდან.

 

– ამბობდნენ დააბრუნეს სიაშიო…

– არ ვიცი ახლა რა ხდება, მაგრამ იმდენად, რამდენადაც ბაგრატი და გელათი, როგორც ერთი რეგიონის უმნიშვნელოვანესი ორი ძეგლი, ერთად იყო შეტანილი ნუსხაში. ბაგრატის ტაძრის ასეთმა ვანდალურმა სახეცვლილებამ მისი ნუსხიდან ამოღება გამოიწვია, რასაც ავტომატურად გელათიც მიჰყვა. მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი სამუშაოს ჩატარება გახდა საჭირო, რომ გელათი იუნესკოს ნუსხაში დარჩენილიყო, ამით თავად იუნესკოს წარმომადგენლები იყვნენ დაინტერესებულნი. მაშინ გელათის სტატუსის შენარჩუნებაზე კულტურის სამინისტრომაც იმუშავა. მე არ ვიცი დღეს რა მდგომარეობაა, მაგრამ მაშინ ეს საკითხი იდგა ასე.

 

– სხვა მსგავსი შემთხვევები თუ გვხდება, მაგალითად ხელნაწერებში?

– წლების მანძილზე ეროვნული არქივის რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ვიყავი და მსგავსი შემთხვევა არ გვქონია. რესტავრაციას აქვს ერთი მკაცრად განსაზღვრული კანონი – ნიმუშმა არ უნდა დაკარგოს თავისი სახე, დაუშვებელია რამის ჩამატება, კონტურის დამატება, ფორმების შელამაზება. რესტავრაციის მიზანია, ნიმუშსშეძლებისდაგვარად  პირვანდელი სახე დაუბრუნდეს, ამაზე მეტის უფლება არ გვაქვს. ხელნაწერებთან მიმართებაში ეს კანონი მკაცრადაა დაცული. ჩვენ საკმაოდ კარგი რესტავრატორები გვყავს, ასეთი სპეციალიტებით მსოფლიოს ნებისმიერი სარესტავრაციო სკოლა თუ ლაბორატორია იამაყებდა.

– მასიურად?

– ყველა ვერა, მაგრამ უმეტესობა – კი.

– მინდა გითხრათ, რომ ეს პროფესია მიმზიდველი არაა ჩვენს ყოფაში. ერთმა მეცნიერმა მითხრა ცოტა ხნის წინ, სამეცნიერო დარგები იმ ქვეყნებში ვითარდება, სადაც ეკონომიკური სიდუხჭირე არ არისო. დღეს, საქართველოში,ახალგაზრდებიაქცენტს აკეთებენ ისეთ დარგებზე,რომლებიც, მათი მოლოდინით,მაღალშემოსავლიანი იქნება, რესტავრაციაში კი, ფიქრობენ, სოკოს და ობის მეტს ვერაფერს იპოვის ადამიანიო. სამწუხაროა, მაგრამ ასეა – არაპოპულარული დარგია ჩვენთვის.არიან კი სტუდენტები ამ სპეციალობით დაინტერესებულნი?

– ვცდილობ, ტექნიკურ უნივერსიტეტში ქიმიური ტექნოლოგიების სპეციალობაზე გავაკეთო სამაგისტრო პროგრამა, რადგან მიმაჩნია, რომ არასწორია მიდგომა, როცა რესტავრაციას მხოლოდ სახელოვნებო დარგად აღიქვამენ. რესტავრაცია-კონსერვაციის სპეციალობა ევროპის ქვეყნების – ჩეხეთი, გერმანია და სხვ. – ტექნიკურ უნივერსიტეტებში ისწავლება. არაერთი შემთხვევა იყო, როცა სამხატვრო აკადემიის (ძირითადად ეს ნიშა აკადემიას აქვს დაკავებული) მაგისტრანტები ფლორენციაში გაუშვეს გაცვლითი პროგრამით. იქიდან დაბრუნებულისტუდენტები ჩემთან მოვიდნენ და ქიმიის ანა-ბანას სწავლა დაიწყეს. ხაზგასმით ვამბობ – რესტავრაცია მთლიანად ქიმიური პროცესია. სტუდენტებმა მითხრეს, რომ ძალიან გაუჭირდათ ქიმიის ცოდნის გარეშე, რადგან იტალიის რიგითი სარესტავრაციო სახელოსნოც კი ქიმიის საფუძვლიან ცოდნას ითხოვს. დიდი ხანია ვამბობ, რომ რესტავრაციის დაუფლებაშეუძლებელია ქიმიის ფუნდამენტურიშესწავლის გარეშე, ისევე, როგორც ბიოლოგიისა და ბიოქიმიის ელემენტების გარეშე.ასევე, აუცილებელია ხელოვნებათმცოდნეობა. ელემენტარულია – ხელნაწერთან მომუშავემ ამ ხელნაწერის ისტორია ძალიან კარგად უნდა იცოდეს. რესტავრაცია ღრმა და საინტერესო დარგია დასამწუხაროა, რომ სათანადოდ არ არის დაფასებული. ცოტა ხნის წინ ჩამოვედი სომხეთიდან, აღფრთოვანებული ვარ -ისინი უფრთხილდებიან თითოეულ კენჭს და ეს სასიხარულოა. მაგრამ, როგორც ქართველს, როგორც ჩემი ქვეყნის შვილს, გული მტკივა – მოვესწრები, რომ ჩემს ქვეყანაშიც მსგავსი დამოკიდებულებაგაჩნდეს?! იქ თავიანთი ისტორიული წარსულისადმი ახალგაზრდა თაობას ისეთი გასაოცარი განცდა აქვს, ისე უვლიან თავის ეროვნულ ღირებულებებს, შემშურდა. ნამდვილად ვინატრე, მსგავსი დამოკიდებულება ვნახო აქ, ჩემს ქვეყანაში. ისინი ნამდვილად ბედნიერები არიან, ასეთ თაობას რომ ზრდიან, მათ მომავალი აქვთ.

– რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვი ჩვენს სინამდვილეზე.

– არ მინდა ვიფიქრო, რომ ჩვენ მომავალი არ გვაქვს. შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, „იბერია გაბრწყინდება“ და შეიძლება ამას მე და თქვენ ვერ მოვესწროთ, მაგრამ… ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენს ახალგაზრდობას გავუღვიძოთ ის, რაც მიაძინეს არაჯანსაღი იდეოლოგიით.

როდესაც რესტავრაცია-კონსერვაციის მიმართულებით მიდის სტუდენტი, მან ზუსტად უნდა იცოდეს, რატომ ირჩევს ამ პროფესიას. მიუხედავად იმისა, მე აკადემიაში არ ვასწავლი, ბევრი სტუდენტი მოდის ჩემთან კონსულტაციაზე და ეს კარგია. პირადად ჩემთვის, მაგისტრანტების რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა, მე ყველას ვერ ავიყვან, ისევეროგორც, თუ სამაგისტრო პროგრამა გაკეთდება, ყველა ვერ ისწავლის. სიძველეებს ახასიათებთ ერთი მისტიკური თვისება – ყველას არ იღებენ. შეიძლება არაჩვეულებრივად იცოდეთეორია, არაჩვეულებრივად გემორჩილებოდეს ხელი და აკეთებდე, მაგრამ თუ არ გრძნობ ამას ყველაფერს, თუკი არ გტკივა შენი წარსული, თუკი შენში გამჯდარი არ არის ეროვნული, ამ სფეროში ვერ გაჩერდები.

 

– ვერც სხვა სფეროში ივარგებ ადამიანი, თუ შენში გამჯდარი არაა ეროვნული. მე არ ვარ რესტავრატორი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არ მახსენდება დამეწეროს  სტატია ისე, რომ არ მეგრძნოს ის ტკივილი ან სიხარული, რაზედაც ვწერდი. თუ შემეკითხებით, რამდენ ჟურნალისტს ვიცნობ ასეთს, გიპასუხებთ – ნინო კვაჭანტირაძეს – თუ გულში არ იგრძნობს ტკივილს ან სიხარულს, ვერ წერს.

-ბედნიერი ვარ, რომ ჩემ გარშემო ბევრი ადამიანია, რომელიც გრძნობს! მაგრამ, ზოგადად, სხვადასხვა პროფესიაში არაპროფესიონალური და არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება არის ის, რაც ანგრევს ქვეყანას და ამაზე ნუ ვიდავებთ. ჩემს დარგში, იცით რამდენი შემთხვევევითი ადამიანია? განსაკუთრებით ხელმძღვანელები, რომლებიც ისევე შორის არიან რესტავრაციისგან, როგორც მე კოსმოსური ტექნოლოგიებისგან. ეს, ზოგადად, ჩვენი სენია, სამწუხაროდ.

– ამიტომაა, ბევრი ღირებული ხელნაწერი რომ დაიკარგა…

– არაკვალიფიციურად გაკეთებული რესტავრაცია გაცილებით დიდი ზიანის მომტანია, ვიდრე რაც ხელნაწერებსშენახვის პროცესში მიადგა. საბედნიეროდ, საქართველოში, სხვადასხვა ლაბორატორიაში მაღალი დონის რესტავრატორებიმუშაობენ, მაგრამ რამდენად აქვთ მათ ხელშეწყობა, ეს სხვა თემაა. ამ ადამიანებს აქვთ გასაოცარი პატრიოტული დამოკიდებულება თავიანთი საქმისადმი და მიუხედავად მცირე ხელფასისა, ისინი ვერ ღალატობენ სიძველეებს.

 

– სამუშაო პირობებს შევეხეთ, რატომ არის სახელმწიფოს მხრიდან ეს დარგი მიტოვებული?

– მე და თქვენ იმ თაობის ხალხი ვართ, რომლებმაც ბევრი რამ გამოვიარეთ.

– არადა, კავკასიის სამივე ქვეყანამ ერთნაირადმძიმე პერიოდი გამოიარა…

-ქართველებს გვაქვს ერთი ასეთი ანდაზა, უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო. აი, ის გუმბათმოხდილი ბაგრატი ჩემთვის სწორედ ლეჩაქმოხდილი საქართველოს სიმბოლო იყო. ბაგრატის ასე უნიჭოდ გადახურვას, იმაზე ეზრუნათ, რომ საქართველოსთვის ლეჩაქი დაეფარებინათ – ღირსების, ეროვნული თავმოყვარეობის! მაშინ ასეთი ვითარებაც არ იქნებოდა და ვერავინ წაგვწიწკნიდა ვერაფერს. ნებელობა არ არის – რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ვერ შევდექით საზოგადოებად, არც ერთი ხელისუფალი, საუბედუროდ, მჟავანაძის შემდეგ, საქართველოზე არ ზრუნავს, არ გვყოლია ეროვნულად მოაზროვნე ადამიანი.

 

– ორი უჯრის ისტორია გამახსენდა…

-ბაბუაჩემისმონათხრობერთ ისტორიას გავიხსენებ: მაშინ ის ახალგაზრდა მეცნიერი იყო (26 წლის ასაკში გახდა პროფესორი). გააკეთეს საქართველოში არსებული სიმდიდრეების აღწერა, წარუდგინეს მჟავანაძეს რუკა – ჩვენ შეგვიძლია აი, ეს სიმდიდრე გამოვიყენოთ. მჟავანაზემ ეს რუკა ქვედა უჯრაში ჩადო თურმე, რაც იმას ნიშნავდა, რომ რუკა დღის სინათლეს ვერ ნახავდა. მჟავანაძემ მეცნიერები გამოაცილა და დერეფანში  უთხრამათ,ოდესმეეს ყველაფერი საქართველოს გამოადგებაო. მიხვდით? მაშინ ჩვენ ისეთ პირობებში ვცხოვრობდით, რომ ყველაფერს წაგვართმევდნენ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის ბილეთი გიდევს ჯიბეში, ეროვნულობას არ სჭირდება საბუთი, ვერავინ მეტყვის რომ მაშინ პატრიოტები არ იყვნენ.

 

– მედეა მეზვრიშვილმა გადაარჩინა დავით გარეჯა.

– დიახ, ცნობილი ფაქტია. დღეს უკვე, როდესაც ეს ყველაფერი მართლაც უნდა გამოადგეს საქართველოსაღმშენებლობას, უმოწყალოდ გააქვთ ჩინელებს, არაბებს, ირანელებს, თურქებს, ინდოელებს.  ღმერთმა არ ქნას, რომ უსაშველო გვჭირდეს, ისტორიის სწავლა ერთია და ისტორიის გააზრება – მეორე. “აწმყოშობილიწარსულისაგან, არისმშობელი მომავალისა“, – ჩვენ ვცდილობთ, რომ აწმყო რაღაცნაირად წარმოვაჩინოთ, წარსული როცა გვჭირდება, მაშინ ვახსენოთ და მომავალზე არ ვიფიქროთ. სამწუხაროდ,ჩვენს რეალობაში მოქმედებს კლიშე – დღეს, ახლა, ამ წუთას, ამ წამს – ხვალ, როცა არ ვიქნები, წყალს წაუღია ყველაფერი. აი, ეს არის დამღუპველი. მე არ ვიცი სხვაგან რა ხდება, მაგრამ როდესაც ჩვენ სომხეთში მიგვიწვიეს კონფერენციაზე, ლაბორატორიაში, რომელსაც გაიანე ელიზარიანი ხელმძღვანელობს, დავინახე ოთხი თაობა. ქალბატონი გაიანე ზრდის ახალ თაობას და უფრთხილდება ძველ პროფესიონალებს. იქ არ არის ისე, როგორც საქართველოში – უფროსი თაობა თავის ცოდნას და პრაქტიკას გადასცემს უმცროს თაობას და ზრდის, რადგან დაინტერესებულნი არიან, ჰყავდეთ კვალიფიციური კადრები, მხოლოდ დიპლომი არ აკმაყოფილებთ. მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს საქმე და თუ ამ საქმის მტვერი არ შეისუნთქე, თუ წებოში არ დაისვარე და თუ მოძღვრებს (უფროსთაობას) არ გაჰყევი, საქმე არ გამოვა. აი, ეს იყო ჩემთვის სასიხარულო – ვნახე სამი თაობა როგორ ზრდის მეოთხე თაობას! არ შემეძლო არ აღმენიშნა და ვთქვი კიდეც, რომ ეს არის ეროვნული ტენდენცია. მხოლოდ თეორიული ცოდნა არაფერს გვაძლევს!

და კიდევ, აი, რა არის მნიშვნელოვანი – ჩვენ ექიმები ვართ გარკვეულწილად – წარსულის მკურნალები. ისტორიული ძეგლები ძალიან გვანან ადამიანებს, ისინი იბადებიან, აქვთ თავისი ცხოვრების ისტორია და დასნეულებული მოდიან ჩვენამდე.ჩვენ ვართ ის მკურნალები,ვინც მათ სიცოცხლე უნდა გაუხანგრძლივოს. უბრალოდ, ისტორიულ ძეგლებს, ადამიანებისგან განსხვავებით,ერთი არაჩვეულებრივი თვისება აქვთ – ხელნაწერები ცეცხლში არ იწვიან! ვერასდროს წაშლი ისტორიას, როგორც არ უნდა გააყალბო, როგორც არ უნდა შეცვალო, შეიძლება დამალო, მაგრამ ვერ წარხოცავ მას! რა უფლება გვაქვს, არ ვიზრუნოთ – ერთია ის, რამაც მოაღწია ჩვენამდე, მეორეა – როგორ გადავარჩენთ. ის არ არის მხოლოდ ჩემი ან თქვენი საკუთრება, ის ჩვენს მომავალსაც ეკუთვნის. ეს არის ის, რამაც მომავალ თაობას უნდა გაუღვიძოს ეროვნულობა, ქართველობა. რანი ვყოფილვართ და რანი ვართ, ეს კი არ უნდა ვიმეოროთ, უნდა ვთქვათ – ეს ვიყავით და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალშიც ვიყოთ.

დაბოლოს, საქართველოში, თბილისში, ტარდებოდა რესტავრატორთა საერთაშორისო კონფერენცია, რაც ძალიან დიდი მოვლენა იყო. ორი კონფერენცია ჩატარდა და მას შემდეგ აღარ ჩატარებულა. ამ კონფერენციის მესვეური გახლდათ გიორგი კალანდია და მისი გუნდი. აქ ჩამოდიოდნენ მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, ეს იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა, დატვირთული გრაფიკით და საინტერესო თემებით. სამწუხაროდ არ ვიცი რა მიზეზით, მაგრამ აღარ ტარდება. დიდი სურვილი მაქვს, აღდგეს ეს კონფერენცია, ეს  აუცილებელია. საქართველოში ნამდვილად უნდა ტარდებოდესრესტავრატორთა საერთაშორისო კონფერენცია, გვეკუთვნის პირველობა, რადგან ხელნაწერი ძეგლების რესტავრაცია-კონსერვაციისპირველი ლაბორატორია სწორედ საქართველოში დაარსდა, სწორედჩვენი ლაბორატორია იყო ყველაზე წარმატებული, ყველაზე აღიარებული, სადაც კვლევები ტარდებოდა. დღეს, სამწუხაროდ, ამ სფეროში კვლევები აღარ ტარდება.

 

 

მოამზადა დარეჯან მეფარიშვილმა

banner
წინა სტატიაშირაზეა გაბრაზებული შაყულაშვილი სუბელიანზე, ნაცვლიშვილი პეტრეზე, ეს არ არის ხალხის საზრუნავი”-ხოშტარია მორიგ ჩანაწერებს ეხმაურება
შემდეგი სტატიარასისტული სკანდალი Ryanair-ის ბორტზე