ხელისუფლებისადმი სრულიად ნეგატიურად განწყობილი ადამიანები, არ თანამშრომლობს ოპოზიციასთან

რა არის ანალიზის საკითხი?- ის, რომ ხელისუფლებისადმი სრულიად ნეგატიურად განწყობილი ადამიანები, რომელიც მოსახლეობის უმეტესი ნაწილია, არ თანამშრომლობს ოპოზიციასთან. ვფიქრობ, მიზეზი რამდენიმეა:

1. სიახლის არ ქონა – ოპოზიციას არ შეუძლია შესთავაზოს მოსახლეობას ახალი ლიდერები, რაც პერსპექტივის განცდას მოსახლეობას არ უქმნის. ის იშვიათი შემთხვევა, კი როდესაც ახალი და საინტერესო სახეები ჩნდებიან პოლიტიკაში, ისინი ვერ ქმნიან ინოვაციას პოლიტიკაში და უწევთ ტრიალი არსებული ბრენდების სასარგებლოდ ან მთელი ენერგია ამ ბრენდებს შორის ლავირებაში მიდის. ეს კი ახალი პოლიტიკური პროდუქტის შექმნას ახალი პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან შეუძლებელს ხდის. აქ არჩევანი იძულებითი ხდება ამომრჩევლის მხრიდან კვლავ ტრადიციული ბრენდების მიმართ, უფრო კი სკეპტიციზმს, რის გამოც პოლიტიკურ სუბიექტებთან მიმართებაში ამომრჩევლის ინტერესიცა და ნდობაც უმცირესია.

2. გაცვეთილი ძირითადი აქტიორები – მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, როგორც ხელისუფლებისადმია ნეგატიურად განწყობილი, ასევე ნეგატიურადაა განწყობილი არსებული ოპოზიციური სპექტრისადმი. მათი ძირითადი აქტიორები კი, ჩანს კიდევ უფრო მიუღებელია, როგორც სრულიად არასასურველი სახელისუფლებო ლიდერები. ეს მეტ-ნაკლებობა კი ქმნის იძულებით პრიორიტეტებს ხელისუფლების სასარგებლოდ.

3. პოლიტიკაში წასვლის მოტივაცია – უმეტეს წილად, პოლიტიკაში მიდიან ადამიანები ან საკუთარი ბიზნესის, აქტივების და მსგავსის დასაცავად, ასევე დღემდე რატომღაც განიხილება პოლიტიკა, როგორც შემოსავლის თუ კარიერის სწრაფი წყარო. მსგავსი სიყალბეები კი ამომრჩეველს თვალში მკაფიოდ ხვდება და ამომრჩევლის სკეპტიციზმი თუ ნდობის მანდატი უმცირესია.

4. პოზიტიური დღის წესრიგის არ ქონა – პოლიტიკურ ჯგუფებს თუ ლიდერებს არ შეუძლიათ პოზიტიური დღის წესრიგის შეთავაზება ამომრჩევლისათვი. გვაქვს ან ამჟამინდელი მოცემულობა ან ამომრჩევლის ცნობიერებისათვის ვერ გაგებული კომუნიკაცია ან წარსული მოცემულობის შეთავაზება, რაზედაც ამომრჩევლის ძირითადმა ნაწილმა უარი თქვა. პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან თავიანთი სტრატეგიის აქცენტები მხოლოდ ნეგატიურია, პოზიტიური პერსპექტივების შეთავაზება და ამომრჩევლის დაიმედება შეუძლებელი ხდება, რის გამოც მსგავსი მოცემულობით სარგებლობს სახელისუფლებო დიქტატი და ძალაუფლების ჯგუფ(ებ)ი.

5. ამომრჩევლის ცნობიერება და კომპეტენცია – ეს ქმნის ამომრჩევლის ჩამოუყალიბებლობას, ამომრჩეველი ერთი მხრივ, ითვალისწინებს ნეგატიურ გამოცდილებას და ადვილად აღარ ენდობა პოლიტიკურ სუბიექტებს, მეორე მხრივ კი პოლიტიკური სუბიექტების ამ უსახურ და გადაზელილ მასაში უჭირს საინტერესოს და სასურველის გამორჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩეველმა თითქოსდა ერთგვარად შეიქმნა თავდაცვის სივრცე პოლიტიკოსთა სიყალბისადმი, მაინც უჭირს პროცესების შეფასება კომპეტენციის სიმცირის გამო, ამავდროულად კი პოლიტიკური ჯგუფების პოპულისტური პროპაგანდა მაინც ახერხებს ამომრჩეველზე გავლენის რესურსებს.

6. ფინანსური რესურსების ეფექტი მცირე საზოგადოებაზე – ჩვენი ამომრჩევლის რაოდენობა არაა დიდი, ამ ფონზე გარკვეული სუბიექტების ფინანსები ამომრჩევლის ნაწილს მართვად ხდის, ნაწილს კი სკეპტიკურს და აპათიურს. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი საარჩევნო კოდექსი მცირე ჯგუფების მიერ გაკეთებულ არჩევანსაც აღიარებს, ნაცვლად საერთო სახალხო არჩევნებისა, არჩევნები, მთლიანობაში აქტივისტური და რიტუალური გამოდის და არა საერთო და ორგანული. შესაბამისად, პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება, ხშირად მათი დამფინანსებლების მიერ გაღებული ფინანსური რესურსების შესაბამისია. მთელი ეს პროცესი კი ხიბლსაც უკარგავს არჩევნების იდეას.

კიდევ სხვა არაერთი ფაქტორია რომელიც ჩვენზე ზემოქმედებს და ხელისუფლების წინააღმდეგ მყოფი ამომრჩევლისა და არსებული პოლიტიკური სპექტრის შესაბამისობას და პარტნიორობას უშლის ხელს, ჯამში კი ხშირად ვიღებთ აპათიურ მოსახლეობას, აქტიურ მცირე ჯგუფებს და გადიქტატორებულ ხელისუფლებას ავტოკრატიის დიდი დოზით.

არჩილ გამზარდია – ჟურნალისტი, პოლიტოლოგი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორანტი.

banner
წინა სტატიაშიწითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ცხინვალში გატაცებული ექიმი მოინახულა
შემდეგი სტატიახატია დეკანოიძე : ივანიშვილს ჰქონდა კვლევის შედეგები და აშკარაა, რატომაც მოხდა ეს ყველაფერი