ხელისუფლების წევრების ფეშენებელური სახლები – გაერთიანებული ოპოზიცია “ქართული ოცნების” წევრების შემოსავლების გამოძიებას მოითხოვს

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლების წარმომადგენლების შემოსავლების გამოძიებას მოითხოვს. ამის შესახებ განცხადება მოძრაობა „ძალა ერთობაშია”-ს წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მმართველი გუნდის წევრები მხოლოდ საკუთარი შემოსავლების გაზრდაზე ზრუნავენ და კორუფციაში არიან ჩაფლულები.

გიორგი ვაშაძემ იმ მაღალჩინოსნების გვარები დაასახელა, რომლებმაც დიდი ქონება სწორედ 2012 წლის შემდეგ მოაგროვეს.

„ბატონი ბახტაძე, გოგაშვილი, გომელაური, იზორია, კობახიძე, საბანაძე, ტაბატაძე, ჩუბინიძე, ჯანელიძე, ბესელია, ცერცვაძე, მურუსიძე, სესიაშვილი, ფარცხალაძე, ძიძიგური – ჩემს გარშემო არის მილიონობით ღირებულების ქონება, რომელიც ამ ადამიანებმა დააგროვეს კორუფციული სქემებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ პროკურატურისგან და სამართალდამცავი ორგანოებიდან გვესმოდეს, რომ ისინი გამოიძიებენ, ეს დაუსაბუთებელი ქონება საიდან მოხვდა მათ ხელში – სრული დუმილი, არაფერს ისინი არ აკეთებენ. ეს კიდევ ერთხელ ნათელი დადასტურებაა, რომ საქართველო არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. ჩვენ ხელისუფლებაში გვყავს ხალხი, რომელიც მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ფიქრობს, ჩვენ გვყავს სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც მფარველობენ ამ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, რომლითაც გაივსო დღეს საქართველო,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ “ქართული ოცნების” წევრებს მოუწოდა, განმარტონ, როგორ შეძლეს აღნიშნული ქონების დაგროვება სწორედ 2012 წლის შემდეგ.

ფეშენებელური სასახლეები, რომლებიც „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს ან ოჯახის წევრებს ეკუთვნით და რომლებიც 2012 წლის შემდეგ არის აშენებული „კურიერის“ კამერამ დააფიქსირა.

სასახლეების ნაწილი თავად „ქართული ოცნების“ ლიდერებზეა გაფორმებული, ნაწილი მათი ოჯახის წევრებზე, ნაწილი ნომინალურ მფლობელებზე, რომლებსაც სხვა არანაირი ქონება არ გააჩნიათ, თუმცა ძვირადღირებულ სახლებს მაინც ხელისუფლებს წარმომადგენლებს უთმობენ საცხოვრებლად. თანამდებობის პირების ქონება კი დრამატულ ზრდას 2012 წლის შემდეგ იწყებს, ანუ მას შემდეგ რაც ამ ადამიანებმა სახელისუფლებო სავარძლებში გადაინაცვლეს.

banner
წინა სტატიაშიმიწისზედა მეტროს მშენებლობის პროექტი დედაქალაქში 2019 წლის ბოლოს დაიწყება
შემდეგი სტატია(VIDEO) სკანდალური ვიდეო ჩანაწერი – ყიფიანი “ომეგა ჯგუფის” საქმეში ივანიშვილის, ფარცხალაძის, გახარიას, დავით მაღარაძისა და “ზარალას” როლზე საუბრობს