ხელისუფლების მხრიდან მურუსიძე-ჩინჩალაძის „კლანის“ წახალისება უკვე საერთაშორისო მასშტაბებს აღწევს – დოლიძე

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მურუსიძე-ჩინჩალაძის „კლანის“ წახალისება უკვე საერთაშორისო მასშტაბებს აღწევს. ეს აღარ არის არასამთავრობო ორგანიზაციები, ანა დოლიძე და ნაზი ნაზი ჯანეზაშვილი, ეს არის ვაშინგტონი, – ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს. დოლიძის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა უკვე სამარცხვინო ხასიათს იღებს.

„ეს უკვე მთლიანად აზიანებს ჩვენი სახელმწიფოს იმიჯს, იმიტომ, რომ ყველა ჭკუათმყოფელი და გონიერი ბიზნესმენი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ფულის ჩადებას აპირებს, პირველ რიგში, მოიკითხავს და წაიკითხავს, რომ საქართველოში საკუთარ ქონებასა და უფლებებს სამართლიანად ვერ დაიცავს. ამ ინფორმაციას სწორედ მსგავსი ტიპის ანგარიშებში ეცნობა. ეს არის ჩვენი ყველაზე მთავარი საერთაშორისო პარტნიორი სახელმწიფოს ანგარიში. ანუ მურუსიძე-ჩინჩალაძის „კლანის“ ბატონობა უკვე საერთაშორისო მასშტაბებს აღწევს და ეს საერთაშორისო მასშტაბის ზიანის მომტანი იქნება საქართველოსთვის“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიშში საქართველოს ნაწილზე საუბარია, რომ საქართველოში ადგილი ჰქონდა სასამართლო დამოუკიდებლობაში და მიუკერძოებლობაში ჩარევას. ამასთან, არსებობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლების გავლენა მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე.

banner
წინა სტატიაში“მოხსენება ადეკვატურად აღწერს, იმ უმძიმეს გამოწვევებს, რომელიც დგას ქართული დემოკრატიის წინაშე”- ბოკერია
შემდეგი სტატიარუსეთი კლავს – სესიაშვილის განცხადებით, რუსეთმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევაზე