ხელისუფლების მხრიდან იმ ადამიანების დაუსჯელობა, ვინც სიძულვილის გამაღვივებელი პლაკატები გააკრეს ქალაქში, მიუთითებს, რომ ისინი ხელისუფლების მიერ არიან წახალისებულნი – ნონიაშვილი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ნონიაშვილი, ქალაქში, კონკრეტული ჯგუფების მხრიდან სიძულვილის გამაღვივებელი პლაკატების გაკვრას ეხმაურება.
ნონიაშვილის თქმით, პოლიციას არ დაუკავებია არავინ ამგვარი სიძულვილის გამაღვივებელი პოსტერების გაკვრის გამო, მაშინ, როდესაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ასეულობით სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს და დააჯარიმეს იმიტომ, რომ ისინი აპროტესტებდნენ სხვდასხვა საკითხს.
ნონიაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების ამგვარი ქმედება პირდაპირ მიუთითებს შერჩევით დამოკიდებულებაზე და გვანახებს, რომ ეს სიძულვილის გაღვივება არის პირდაპირ ხელისუფლების მიერ წახალისებული.
„ხელისუფლება კვლავ ცდილობს წინასაარჩევნოდ ფონს გავიდეს სიძულვილის გაღვივებით, თბილისის ქუჩებში რამდენიმე დღეა გამოჩნდა სიძულვილის გამაღვივებელი პლაკატები, პოსტერები, რომელთა პირდაპირი სამიზნეც ამჯერად არიან ჟურნალისტები და კონკრეტული პოლიტიკური პარტიები.
სამწუხაროდ, ამაზე ხელისუფლება რეაგირებას არ ახდენს და მის თვალთახედვის არეალში ეს არ მოხვდა, ქალაქის ქუჩებში ეს პოსტერები გამოჩნდა ისე, რომ პოლიციას არ უნახავს, არ შეუმჩნევია, რეაგირება არ მოუხდენია, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო თუ რა ხდებოდა წინა წლების განმავლობაში თბილისში და თბილისის გარეთ, როცა სამოქალაქო აქტივისტებს დევნიდა პოლიცია და თბილისის მუნიციპალური სამსახურები პოსტერების გაკვრის გამო, სტენსილების გაკეთების გამო, მაშინ როცა ისინი აპროტესტებდნენ ოკუპაციას, გაზპრომზე დამოკიდებულების გაზრდას, ადამიანის უფლებების დარღვევას, ძალადობას და რეაგირების არ მოხდენას ძალადობაზე.
ათობით და ასობით აქტივისტი თბილისში და თბილისის გარეთ არიან დაკავებულები უკანასკნელი 5 წლის მანძილზე, როდესაც ისინი გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობდნენ და როდესაც ისინი აპროტესდებდნენ მართლა შინაარსობრივ საკითხებს, იმ საკითხებს, რომლებიც ჩვენ ყველას გვაღელვებს: კორუფცია, ადამიანის უფლებების დარღვევა, ძალადობა, ჩაგვრა, ოკუპაცია.
ეს მაგალითები და დღევანდელი მაგალითი, როდესაც სიძულვილის გამაღვივებელი პლაკატები გამოჩნდა თბილისში, ნათლად მიუთითებს შერჩევით დამოკიდებულებაზე და ეს დამოკიდებულება სინამდვილეში არის მანიშნებელი იმისა, რომ ეს სიძულვილის გაღვივება არის პირდაპირ ხელისუფლების მიერ წახალისებული.“ – განაცხადა ნონიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითეა ახვლედიანი: “იდენტიფიცირებული და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულია ხუთი პირი, მათ შორის ორი სამხედრო და სამი სამოქალაქო”
შემდეგი სტატიახობში და ლენტეხში წყლდიდობამ პრობლემები შექმნა ადგილზე მუშაობს სპეცტექნიკა