“ხელისუფლების მცდელობა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ვაჭრობას ჰგავს”

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებასა და ინტერპარტიულ ჯგუფს შორის მოლაპარაკებების ყველანაირი ვადები გასულია, შედეგი მიღწეული არ არის.

 

ბურჯანაძემ არჩევნების თარიღის ნაადრევად გამოცხადება პოზიტიურად შეაფასა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ მხოლოდ ვადის გამოცხადება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხში გარდატეხას ვერ შეიტანს.
მისი შეფასებით, ის ფაქტი, რომ პრემიერი კვირიკაშვილი ინტერპარტიულ ჯგუფთან მოლაპარაკებებში და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესში ჩაერთო, დადებითია.
“თუმცა ცხადია, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროცესი, არამედ შედეგი. შედეგს კი დღესდღესობით ჩვენ ვერ ვხედავთ, რადგანაც, პრაქტიკულად, აღარ არის საუბარი საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, აღარ არის საუბარი ისეთ რეალურ ცვლილებებზე, რომელიც მართლა შეცვლიდა საარჩევნო გარემოს. ხელისუფლება ცდილობს მთელი ეს მოლაპარაკება დაიყვანოს იქამდე, რომ პარტიებს, რომელთაც ერთი ან ორი პროცენტი ჰქონდა და ერთი ან ორი პროცენტი მიიღეს არჩევნების დროს, გარკვეული შეღავათები დაუწესოს. ჩვენ არავისთვის შეღავათების დაწესების წინააღმდეგი, ბუნებრივია, არ ვართ, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ თავად ეს პარტიებიც კი მხოლოდ ამ შეღავათების დაწესებას არვითარ შემთხვევაში არ დათანხმდებიან”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის განმარტებით, მნიშვნელოვანია მთლიანად პროცესის გაუმჯობესება და არა რომელიმე პარტიისათვის შეღავათების გაცემა.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არამხოლოდ კონკრეტულ პარტიებზე იზრუნოს ხელისუფლებამ, არამედ იზრუნოს საარჩევნო გარემოზე. ხელისუფლების მხრიდან მცდელობა, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება დაიყვანოს მხოლოდ ცალკეული პარტიებისათვის შეღავათების მიცემაში, უფრო ვაჭრობას ჰგავს. იმედი მაქვს, რომ ამაზე ის პარტიები, რომელთაც შეიძლება შეეხოთ ეს ცვლილება, არ წავლენ და წავლენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეალურად სხვა მიმართულებითაც გაუმჯობესდება საარჩევნო გარემო. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიეცემა ჩვენს მოსახლეობას შესაძლებლობა, რომ ერთხელ და საუდამოდ გაიყვანოს და გაატაროს ის გადაწყვეტილება ცხოვრებაში, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია და მართლაც იხილოს პარლამენტში ის ადამიანები, ვისაც რეალურად უჭერს მოსახლეობა მხარს და არა ის ვინც მეტ ფულს დახარჯავს ან მეტ პოლიტიკურ მაქინაციებს ჩაატარებს”, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
ამასთან, ბურჯანაძემ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ მიმდინარე პროცესი რეალურად შეაფასოს.
“მოვუწოდებ უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებას, რომ რეალურად შეხედოს პროცესს, არ დააყენოს არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ და თუ მართლაც უნდა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა – დიდებმაც და პატარებმაც, 1%-ის მიმღებებმაც და 10-12 ან 15%-ის მიღებებმაც აღიარონ არჩევნების ლეგიტიმაცია, რეალურად შეცვალოს საარჩევნო გარემო და რეალურად მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომელიც არჩევნებს თავისუფალს, დემოკრატიულს, გამჭვირვალეს და ლეგიტიმურს გახდის. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები ხელისუფლებას უდაოდ ექნება. უბრალოდ, მე ვშიშობ, ეს პრობლემები ქვეყნის პრობლემებად არ იქცეს”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
banner
წინა სტატიაშიპასუხი ლადო პაპავას – სტუდენტები სახელმწიფო უწყებების მხრიდან პროცესების მართვას გამორიცხავენ
შემდეგი სტატიაამერიკელი ექსპერტები: საქართველო რუსეთისთვის ადვილი სამიზნეა