ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა სადღესასწაულო ქადაგებისას საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებს მოუწოდა, ნუ სთხოვენ საპატრიარქოს იმ საკითხების გადაჭრას, რაც საეკლესიო ცხოვრების კომპეტენციას სცილდება. სინოდის წევრის თქმით, ილია მეორემ ეკლესიაში ძალიან ძლიერი მმართველი გუნდი დატოვა.
მეუფე იაკობმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა მძიმე გამოწვევების წინაშე დგას და ძალების გაფანტვა დანაშაულია.
„უწმინდესმა ძალიან ძლიერი გუნდი დატოვა, ეკლესიის მართვაც ვიცით. ჩვენ რაც გვეხება, ის მოგვთხოვეთ. ძალიან ხშირად ისეთ რამეებს გვთხოვთ ხოლმე, რაც ჩვენი საქმე არ არის და უშუალო საქმეს მაინც ნუ მოგვწყვეტთ. თორემ დანარჩენში თქვენთან ერთად ვიქნებით, ძალები არ გაგვაფანტინოთ. ერთად უნდა ვიაროთ, ურთულესი პერიოდია და ყველამ ერთად უნდა გავიაროთ ეს.
ჩვენ არ ვიბრძვით ამ ქვეყანაზე პირველობისთვის. ხშირად სხვადასხვა ხელისუფლებები ეკლესიას კონკურენტად, ძალაუფლების განყოფად მოიაზრებენ. მერწმუნეთ, ქართული ეკლესია ამაში არ მონაწილეობს, მიწიერი დიდება ჩვენთან არაფერია“, — განაცხადა მეუფე იაკობმა.


















