ხელისუფლებაში მყოფთა პასუხისმგებლობაა, უზრუნველყონ თავისუფალი და ღია მედიაგარემო – კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში თავისუფალი მედიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მათ, ვინც ჟურნალისტებზე ძალადობს, პასუხი აუცილებლად უნდა აგონ და დაუსჯელი არავინ არ უნდა დარჩეს.

„დღეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრებს ვუმასპინძლე, რათა საქართველოში მედიაგარემოს შესახებ მათი აზრი მომესმინა.

ჩვენ განვიხილეთ მედიაგარემოს საგანგაშო გაუარესება და ჟურნალისტების შევიწროების, დევნისა და მათზე ფიზიკური თავდასხმის შემთხვევების შემაშფოთებელი ზრდა.

დემოკრატიებს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია უნდა ჰქონდეს.

პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით, მედია უნდა იყოს თავისუფალი, რათა საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს და ძირითადი მოვლენები ასახოს. პასუხისმგებელი, ეთიკური მედია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძალაუფლების მქონე პირთა ანგარიშვალდებულებისთვის.

აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს ქარტიის ძალისხმევას, დაეხმაროს ჟურნალისტებს საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები და საკითხები გააშუქონ სამართლიანად, დაბალანსებულად და ეთიკურად.

შეერთებული შტატები კატეგორიულად გმობს ჟურნალისტებზე ძალადობასა და მათ შევიწროებას. პასუხი უნდა აგონ მათ, ვინც ჟურნალისტებს ემუქრება და თავს ესხმის.

5 და 6 ივლისის შოკის მომგვრელი ძალადობა გვახსენებს ძალადობის ორგანიზატორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მნიშვნელობას. დაუსჯელობა შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ძალადობა მისაღებია, ძალადობა კი არასდროსაა მისაღები.

ხელისუფლებაში მყოფთა პასუხისმგებლობაა, უზრუნველყონ თავისუფალი და ღია მედიაგარემო. საქართველოს მთავრობამ ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პროაქტიული ნაბიჯები უნდა გადადგას.
დაუსჯელნი არ უნდა დარჩნენ ისინი, ვინც ჟურნალისტებზე თავდასხმით საქართველოს დემოკრატიას საფრთხეს უქმნიან – მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებისა. თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა ნამდვილი დემოკრატიული საზოგადოების კრიტერიუმია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილმა კვირიკაშვილის მაგალითი მხოლოდ იმ მიზნით გაიხსენა, რომ ივანიშვილის მიდგომა წარმოეჩინა, რომელიც თანამდებობაზე ადამიანების დანიშვნისას მათ პროფესიონალიზმს ანიჭებდა უპირატესობას – მათიკაშვილი
შემდეგი სტატიაჩვენი ქვეყნის ღირსეულმა პრემიერმა დღევანდელი საკმაოდ მოზრდილი და მოზომილი წერილით კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის დიდი ღვაწლი ივანიშვილისა, რომელიც ამ დიდ ქართველს მიუძღვის სამშობლოს წინაშე – ედიშერ გვენეტაძე