ხელისუფლებას უკიდურესად ეშინია მოახლოებული არჩევნების, არ მიკვირს რომ მის გადადებაზე დაიწყო საუბარი – სალომე სამადაშვილი

მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი კობახიძემ პანდემიის შესაძლო ახალი ტალღის გამო, არჩევნების გადაწევის სავარაუდო ვერსიაზე გააკეთა განცხადება, ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური ბრალდებები ისმის.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრ სალომე სამადაშვილს ეს რიტორიკა არ უკვირს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას არჩევნების ჩატარების ეშინია.

“იმ ფონზე, როდესაც, ფაქტობრივად, ყოველდღიურად, საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის ცხოვრება უარესდება და მძიმდება, ხელისუფლებას უკიდურესად ეშინია მოახლოებული არჩევნების. ამიტომ, არ მიკვირს, რომ დაიწყო საუბარი არჩევნების შესაძლო გადადებაზე. მინდა ცალსახად ვთქვა: პირველ რიგში, საქართველოს კონსტიტუცია ადგენს, როდის უნდა ჩატარდეს ქვეყანაში არჩევნები. პანდემიის გამოყენებას საქართველოს კონსტიტუციისა და ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასარღვევად ეს ხელისუფლება ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებს,”-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

“ევროპული საქართველოს” წევრი ლევან თარხნიშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთების საფუძველი არ არსებობს და მთავრობა ხელისუფლებაში ყოფნის დროის ხელოვნურად გახანგძლივებას ცდილობს.

“მთავრობას ვურჩევდი, მოეშვას სპეკულაციას და ჩაატაროს არჩევნები მაშინ, როცა ეს არის ჩასატარებელი. დღესდღეობით, არავითარი ნიშანწყალი იმისა, რომ რაღაც არმაგედონი დატრიალდება ოქტომბერში, არ არის. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ არჩევნები უნდა გადაიდოს არის სპეკულაცია და მიმართულია იმისკენ, რომ მთავრობა თავს იზღვევს და ცდილობს ხელისუფლებაში ყოფნა ხელოვნურად გაიგრძელოს,”- განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსზე ტესტირება ფართოვდება, ტესტის ჩატარება პოლიკლინიკებშიც იქნება შესაძლებელი – გამყრელიძე