ხელისუფლებას პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ ძალადობაზე, რაც ვასაძის მოწოდებებს მომავალში მოჰყვება

როცა ვლადიმერ პუტინის მიერ მართული ჯგუფები პირდაპირ ეთერში ძალადობისკენ მოწოდებას აკეთებენ, ეს არის კანონის დარღვევა და ხელისუფლება ვალდებულია, ამაზე რეაგირება მოახდინოს, რასაც არ აკეთებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომელიც ლევან ვასაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ლევან ვასაძე, „ქართული მარში“ და პუტინისგან მართული ექსტრემისტული დაჯგუფებები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არსებითი ნაწილი არიან. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მართვას სწორედ ასეთი მეთოდით აპირებს.

„ხელისუფლება ცდილობს, ამ ჯგუფების მოძალადე პირები გარეთ მინიმალური გირაოს საშუალებით დატოვოს მაშინ, როცა საპატიმროში მოთავსებას იმსახურებენ. როცა ხელისუფლებამ კრიმინალები უყურადღებოდ დატოვა, კრიმინალის მასობრივი ზრდა ვნახეთ. თუ ძალადობის მოწოდებებს უყურადღებოდ დატოვებენ, სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ ძალადობას ვნახავთ. ეს არის ბუნებრივი ლოგიკა, რაც 90-იან წლებში საქართველოსა და სხვა ქვეყნებში გვინახავს. ხელისუფლებას პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ ძალადობაზე, რაც ვასაძის მოწოდებებს მომავალში მოჰყვება”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გუშინ, ვერის ბაღში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება.

ამასთან, აღნიშნულ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაში“ვასაძის განცხადებები არის მოწოდება ძალადობისკენ და ამას სახელმწიფომ ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს” – ცქიტიშვილი
შემდეგი სტატია“სერგეენკო გახდა იმ გამოკითხვების მსხვერპლი, რომელმაც დაადასტურა, რომ მას ბევრად მეტი კეთილგანწყობილი ადამიანი ჰყავს ქვეყანაში ვიდრე ივანიშვილს” – სამადაშვილი