კახა მიქაია: ხელისუფლებამ საკუთარ თავში და საკუთარ რიგებში ეძიოს პრობლემა

“ქართული ოცნება ხელისუფლებაში ყოფნის ექვსი წლის თავზე მიხვდა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ დღის წესრიგს თავად უნდა ადგენდეს და არა ვინმე სხვა”-აცხადებს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია. მისვე განცხადებით, დღემდე ხელუსუფლება მხოლოდ ოპოზიციის და საზოგადოების აქტიური პირების ინიციატივებსა და განცხადებებზე რეაგირებდა.კვირიკაშვილის დღევანდელი ინიციატივა სწორედ ამის მცდელობაა.

“დარწმუნებული ვარ, ინიციატივა ისევ ინიციატივად დარჩება, რადგან ,,მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი”- ბუნდოვანი, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების არაადექვატური და არარეალისტურია.უმჯობესი იქნებოდა პრემიერს, მისი ინიციატივის პარალელურად გამოქვეყნებული სუს-ის ოცდაშვიდგვერდიანი ანგარიში გულდასმით წაეკითხა და მერე წარმსდგარიყო საზოგადოების წინაშე ხსენებული ინიციატივით. ვფიქრობ, სუს-ის ანგარიშში საკმაოდ სწორი და ადექვატური აქცენტებია გაკეთებული ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობის და განსაკუთრებით რუსული ოკუპაციის საფრთხეების არსებობასა და ხელისუფლების და არა მხოლოდ მის ინსტიტუციებში მოკალათებულ და მოქმედ რუსული სპეცსამსახურების აგენტების საქმიანობაზე.
იმედია, ხელისუფლება ახლა მაინც გამოიჩენს გონიერებას და რაც მთავარია, პოლიტიკურ ნებას, რათა ქმედითი ზომები მიიღოს დასავლელ პარტნიორებთან ერთად რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების უზრუნველსაყოფად( თუნდაც, შეუერთდეს დასავლეთის მიერ რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებს) და პირველ რიგში, საკუთარ თავში და საკუთარ რიგებში ეძიოს პრობლემა, რომლის აღმოფხვრა მას და ქართულ სახელმწიფოს რუსული ე.წ. რბილი ძალისაგან და რუსული ნარატივისაგან გაათავისუფლებს.
მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი ოკუპირებულ ტერიტოტებზე არსებული მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩვენი სახელმწიფოს ერთიან სივრცეში ინტეგრირება-აცხადებს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაშივაშინგტონში არალეგალური მოსასმენი აპარატები აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიანინია კაკაბაძე: საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად არჩევა მისთვის მოულოდნელი იყო