ხელისუფლებამ ხალხის აზრი გაითვალისწინოს, თუ არ უნდა, მიიღოს ყველაზე მასშტაბური გამოსვლები – წიკლაური

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ რეალური გეგმაა არა ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულება, არამედ ამ პროცესის საბოტაჟი და ევროპული გზის ბლოკირება.

„მმართველი გუნდის თავმჯდომარის გუშინდელმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე მთავარი წინააღმდეგობა დღეს არის ოლიგარქი ივანიშვილი და მისი პოლიტიკური ძალა. ევროპას ომი უნდა და მხოლოდ ამ შემთხვევაში მიგვიღებენ ევროკავშირში – ეს არის რუსული პროპაგანდის მთავარი გზავნილი კრემლიდან და ამის შესახებ ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, როდესაც თქვა, რომ ესაა „ფეესბეს“ პირდაპირი ნარატივი. ეს აღარ არის ბიუროკრატიული კინკლაობა, არამედ რუსული დავალებით ევროპული იდეის წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული გალაშქრებაა. საქართველოსთვის მომავლის წართმევა და ევროპული არჩევანის დისკრედიტაციის დაუფარავი მცდელობა – ეს არის „ქართული ოცნების“ რეალური გეგმა. არა ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულება, არამედ ამ პროცესის საბოტაჟი და ევროპული გზის ბლოკირება.

შევახსენებ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რომ საქართველოს მოქალაქეების 90 პროცენტი მხარს უჭერს ევროპას, ხოლო მოქალაქეების 70 პროცენტი მიიჩნევს, რომ ივანიშვილთან ერთად ევროპული პერსპექტივა საქართველოსთვის არის მიუღწეველი. გაითვალისწინოს ხელისუფლებამ ხალხის აზრი, თუ არ უნდა, მიიღოს მართლაც ყველაზე უფრო მასშტაბური გამოსვლები ანტიეროვნული, რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილს საბოლოო ჯამში მოუწია გარკვეულწილად აღიარება, რომ პოლიტიკურ პარტიებად გაფორმებას აღარ გამორიცხავენ – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიანუ ილაპარაკებთ ჩვენზე ცუდად მხოლოდ იმიტომ, რომ არ ვმონაწილეობთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში, ჩვენთვის მთავარი მიზანია, არ ჩავერთოთ ომში რაიმე ფორმით – უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი