ხელისუფლებამ გადალახა ყველანაირი წითელი ხაზი 31 ოქტომბერს

უკვე ძალიან დიდი კომპრომისია ჩვენი მხრიდან, რომ ოპოზიცია ამდენ ხანს ესაუბრება ხელისუფლებას და სხვადასხვა წინადადებას სთავაზობს, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ 31 ოქტომბერს გადალახა ყველანაირი წითელი ხაზი, როცა არჩევნები გააყალბა.

ბურჯანაძის ინფორმაციით, ოპოზიციის ერთ-ერთი კომპრომისი ხელახალი არჩევნების ნაცვლად რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნაა.

„ზოგადად, ის, რომ ოპოზიცია ამდენ ხანს ესაუბრება ხელისუფლებას, სხვადასხვს წინადადებას სთავაზობს, ეს უკვე ძალიან დიდი კომპრომისია ჩვენი მხრიდან, რადგან ხელისუფლებამ გადალახა ყველანაირი წითელი ხაზი 31 ოქტომბერს, გააყალბა არჩევნები, წყალში გადაყარა საქართველოს მოსახლეობის მოლოდინი, რომ არჩევნებით ხელისუფლება შეიცვლებოდა; წყალში გადაყარა უამრავი ადამიანის პატიოსანი შრომა, მზადება არჩევნებისთვის და პრაქტიკულად, არჩევანის უფლება წაგვართვა. ამის მიუხედავად, ოპოზიციას ესმის, რომ ამ რთულ ვითარებაში, როდესაც არის ეკონომიკური კრიზისი, როცა მოსახლეობას ძალიან უჭირს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ პოლიტიკური კრიზისის მაქსიმალურად სწრაფად დაძლევისთვის, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნები. რაც შეეხება ოპოზიციის წინადადებებს, მე ვთვლი, რომ ისინი არის კომპრომისული, მაგრამ მე პირადად მქონდა უფრო მკვეთრი პოზიცია, რომ საერთოდ არ უნდა გველაპარაკა რიგგარეშე არჩევნებზე, ვინაიდან არჩევნები ერთმნიშვნელოვნად გაყალბდა და დიახ, უნდა მოგვეთხოვა ხელახალი არჩევნები. პროცედურულად, როდესაც კანონი ირღვევა, როდესაც არჩევნები ყალბდება, ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, მაგრამ მესმის საერთო შეთანხმება, რომ აუცილებელი იყო გარკვეული კომპრომისული ნაბიჯის გადადგმა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა პლებისციტის ჩატარების საკითხს და აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერი ფაქტობრივად პლებისციტი იყო, როდესაც მოსახლეობამ არჩევნებზე დააფიქსირა, რომ ხელისუფლების ცვლილება სურს.

„ასევე, გუშინ გახმოვანდა იგივე პლებისციტთან დაკავშირებით მოსაზრებები. მე ესეც ძალიან სერიოზულ დათმობად მიმაჩნია. მე პირადად საერთოდ არ ვეთანხმები პლებისციტს, რადგან ჩემი მოსაზრებით, პლებისციტი იყო პრაქტიკულად არჩევნების დროს, როდესაც მოსახლეობის 52 პროცენტმა გაყალბებული არჩევნებითაც კი თქვა, რომ მას უნდა ხელისუფლების ცვლილება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ოპოზიცია არის ერთიანი, ძალიან კორექტული, ძალიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე. ამ ხელისუფლების ხელში სამწუხაროდ, ძნელია რაიმეს პროგნოზირება, მაგრამ დათმობა მათ ყველა ვარიანტში მოუწევთ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე-პასუხად მივიღე: ჯერ რჩევა რომ “დავოკებულიყავი”, შემდეგ მუქარა რომ “გავნადგურდებოდი”, შემდეგ ეჭვი, რომ შესაძლოა, “სუსის კაცი” ვიყო
შემდეგი სტატიაგიგი უგულვა ირმა ინაშვილს მიმართავს