26.2 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

„ხელისუფლებამ ევროსაბჭოსთან კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვა ვერ შეძლო“- საბინა ჩუდიჩი საქართველოს შესახებ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე, ორგანიზაციის მომხსენებელმა საბინა ჩუდიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროპის საბჭოსთან კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვა ვერ შეძლო. მისი თქმით, ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების მოქმედების სივრცე სწრაფად ვიწროვდება, მმართველი გუნდი კი ევროპული სტრუქტურების კრიტიკასა და შეშფოთებას სრულად უგულებელყოფს.

„სამწუხაროდ, საქართველოს შესახებ ჩვენი ანგარიშები კვლავ იმავე ტემპით გრძელდება. ნებისმიერი ქვეყნის პროგრესისა და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების ანალიზის ერთ-ერთი მთავარი გზა ამ ორგანიზაციის ძირითად ორგანოებთან მისი თანამშრომლობის გაანალიზებაა. ამის გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროპის საბჭოსთან კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვა ვერ შეძლო. სამოქალაქო საზოგადოების მოქმედების სივრცე სწრაფად ვიწროვდება. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მათ ლიდერებსა და დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმები უნდა დასრულდეს“, – განაცხადა საბინა ჩუდიჩმა.

მისი თქმით, ევროპის საბჭოს ორგანოების მიერ გამოხატულ ნებისმიერ შეშფოთებასა თუ კრიტიკას ხელისუფლება უგულებელყოფს.

„საქართველოს ხელისუფლებამ, კერძოდ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მიუღებელია ქართველ ხალხს თითის ქნევით ლექციები წაუკითხონ. ეს მკვეთრად ეწინააღმდეგება იმას, რაც ჩვენ, როგორც მომხსენებლებს, გასულ წელს საქართველოში ვიზიტისას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გვითხრა, კერძოდ ის, რომ აუცილებლად აღასრულებდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ჩვენ კვლავ მზად ვართ საქართველოს ხელისუფლებასთან და ყველა სხვა პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ძალასთან ღია და შედეგზე ორიენტირებული დიალოგისთვის. თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მსგავსი დიალოგი ეფუძნება იმ საერთო გაგებას, რომ ევროპის საბჭოს წევრობა არის პრივილეგია, რომელსაც თან უფლებები და ვალდებულებები ახლავს. ორგანიზაციის პრინციპები და სტანდარტები, ასევე მისი წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებები არ შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს! ჩვენი პრინციპები უნდა დავიცვათ და მოვითხოვოთ, რომ მათი განხორციელება დიალოგის გზით მოხდეს“, – აღნიშნა ჩუდიჩმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის კოსმოსური კავშირგაბმულობის კიდევ ერთ ობიექტს დაარტყა
შემდეგი სტატიაგეგელია: დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ დასტური, რომ აშშ ელის კონკრეტულ შეთავაზებას