“ხელისუფლება სირაქლემას პოზაშია” – გაერთიანებული ოპოზიცია ოკუპაციის ხაზთან

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები – გიორგი ბარამიძე და ბაჩუკი ქარდავა, გორის რაიონში, სოფელ ხურვალეთში ოკუპაციის ხაზთან იმყოფებოდნენ.

ოპოზიციის ლიდერები ადგილობრივ მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესდნენ, დაათვალიერეს მავთულხლართებით გაყოფილი ბაღები და ვენახები და ბორდერიზაციის განახლებულ პროცესს “სამარცხვინო” უწოდეს.

„აქ ყოფილან რამდენიმე დღის უკან ჰოლანდიელი ჟურნალისტები, რეპორტაჟს აკეთებდნენ და ძალიან გულდაწყვეტით ამბობდნენ, რომ ეს არის სამარცხვინო, რაც დღეს ხდება საქართველოში. მათ პირდაპირ უწოდეს ამას “21-ე საუკუნის ბერლინის კედელი”. აქ სამწუხარო ის არის, რომ აქაური მაცხოვრებლები გვეუბნებიან, რომ ეზოები, ბაღები არის გაყოფილი რუსი ოკუპანტების მიერ. პოლიტიკოსების ჩამოსვლამ, ჟურნალისტების ჩამოსვლამ ეს პროცესი შეაჩერა. სამწუხარო ის არის, რომ ხელისუფლება ამ პროცესს იგნორირებას უკეთებს და სირაქლემას პოზაშია, თითქოსდა არაფერი არ ხდება,“ – განაცხადა ოპოზიციური პარტიების გაერთიანების ძალა ერთობაშიას ერთ-ერთი ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ.

გიორგი ბარამიძე კი ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე საუბრობს.

„ეს პრობლემები კიდევ და კიდევ უფრო მეტად რომ არ მძაფრდებოდეს და ოკუპაციის ხაზის გადმოწევა ესე ნელ-ნელა არ ხდებოდეს, საჭიროა ძალიან აქტიური მოქმედებები, კონკრეტული მოქმედებები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. დაწყებული იქიდან, რომ პოლიციის პირადი შემადგენლობა, რომელიც ახლა აქ არის წარმოდგენილი, იყოს გაცილებით მეტი, უნდა გაათმაგდეს,“ – აცხადებს გიორგი ბარამიძე.

banner
წინა სტატიაშიარასრულწლოვანზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით გორში 1 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიააქცია “ყაზტრანსგაზის” შენობასთან – “სამოქალაქო მოძრაობა” მამუკა კობახიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს