ხელისუფლება საუბრობს იმ გზავნილებით, რომელიც რუსეთს და პუტინს აქვს აგვისტოს ომზე – სამადაშვილი ვოლსკის განცხადებაზე

რაც ვერ მოახერხა რუსეთმა და პუტინმა 2008 წელს ომით, ის შეძლო 2012 წელს, როცა ქვეყნის მართვის სადავეები ჩაიბარა “ქართულმა ოცნებამ” – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი გია ვოლსკის განცხადებაზე საპასუხოდ.

სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ გია ვოლსკი თავის განცხადებაში პუტინის გზავნილებს იმეორებს. საუბარია მმართველი გუნდის საპარლამენტო ლიდერის განცხადებაზე, სადაც ვოლსკი ომის დაწყებაშიც და მის შედეგებშიც მთლიანად საქართველოს ხელისუფლებას და მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს. გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ საქართველოს ტერიტორია ქართულმა მხარემ, რუსეთის დაკვეთით დაბომბა.

სამადაშვილის თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების წევრებისგან მსგავსი განცხადებები გასაკვირი ვერ იქნება.

„2008 წლის სამხედრო ინტერვენციის მთავარი ამოცანა იყო ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ხელის შეშლა. პროდასავლური და დემოკრატიული მთავრობის ჩამოშლა. სამწუხაროდ ის, რაც 2008 წელს ომით ვერ მოახერხა რუსეთმა წარმატებით განახორციელა 2012 წელს, როცა ქვეყნის მართვის სადავეები ჩაიბარა იმ ძალამ რომელსაც წარმოადგენს ვოლსკი. ამიტომ არაფერს მოველით მისგან ან “ქართული ოცნების” რომელიმე სხვა წარმომადგენლისა, გარდა იმისა, რომ გაიმეორებენ სიტყვა-სიტყვით იმ გზავნილებს, რა გზავნილებითაც საუბრობს რუსეთი, კრემლი და პუტინი 2008 წლის ომის თაობაზე, ეს არის პირდაპირ კრემლის გზავნილები და ლოგიკურია, რომ ბატონი ვოლსკი იმეორებს ამ გზავნილებს,“-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ რუსეთი, დაადანაშაულოს ადანაშაულებს საკუთარ ქვეყანასა, იმისათვის, რომ რუსეთს „სისხლიანი პირი და ხელები მოხოცოს“.

მისივე განცხადებით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს ცდილობს, რომ რუსეთის ხელისუფლების, მათი პატრონების, პუტინისა და რუსეთის გული მოიგონ.

banner
წინა სტატიაში11 წელი რუსეთ საქართველოს ომიდან – საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაანა დოლიძე – მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს, დანიშნოს იუმორის კომისარი