ხელისუფლება მოახერხა და ყველა მეგობართან გაიფუჭა ურთიერთობა – ხელისუფლებას შეეძლო ესაუბრა ოპოზიციასთან, არ დაეჭირა გვარამია, არ ელანძღა დასავლელი დიპლომატები და ჩვენც კანდიდატი ქვეყანა ვიქნებოდით – კანაშვილი

ხელისუფლებას შეეძლო მიბრუნებოდა შარლ მიშელის დოკუმენტს, ესაუბრა ოპოზიციასთან, არ დაეჭირა გვარამია, არ ელანძღა დღე გამოშვებით დასავლელი დიპლომატები და დამერწმუნეთ, დღეს ჩვენც კანდიდატი ქვეყანა ვიქნებოდით. სამწუხაროდ, მათ ყველაფერი საპირისპიროდ გააკეთეს,- ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა გიორგი კანაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, როგორ აფასებს ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღების პროცესში ხელისუფლების ქმედებებს, კანაშვილი ამბობს, რომ „საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, შეიძლება შეფასდეს, როგორც – სრული ჩავარდნა“.

„ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო შეუძლებელი, მოახერხა და ყველა მეგობართან გაიფუჭა ურთიერთობა და საბოლოო ჯამში, ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ყველანაირი გადაჭარბების გარეშე – ამას მოხერხება უნდოდა. ფაქტობრივად, საქართველოს და მოლდოვას, ამ კონკრეტულ ისტორიულ მონაკვეთში, „უფასოდ“ დაეცა თავზე კანდიდატობის პერსპექტივა. ფასს ახლა იღებს უკრაინა, პრინციპში არა მხოლოდ ახლა, არამედ 2014 წლიდან. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რომ ვიქტორ იანუკოვიჩის ქვეყნიდან გაქცევა, ყირიმის ანექსია და დონბასში კონფლიქტის წამოწყება, ზუსტად ევროკავშირთან ასოცირების პროცესის პარალელურად განვითარდა.

მოლდოვამ, მომენტით ისარგებლა, ხოლო საქართველომ – არა. მეტიც, ხელისუფლებამ, ჩემთვის და ბევრი სხვა დამკვირვებლისთვის სრულიად გაუგებარ მიზეზთა გამო, ამ ისტორიულ მომენტში, სულ მცირე სამი მიმართულებით გახსნა ფრონტი: „ეომა“ დასავლელ მეგობრებს, „ეომა“ უკრაინელებს, „ეომა“ ოპოზიციას და საკუთარ პრეზიდენტსაც კი. ანუ ყველას, ნამდვილი მტრის გამოკლებით. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი უპასუხისმგებლო საქციელით, ფაქტობრივად ხაზი გადაუსვა ყველა იმ გაღებულ მსხვერპლსა და საფასურს, რომელიც ჩვენ დასავლეთისკენ მსვლელობის პარალელურად გავიღეთ“,- განაცხადა კანაშვილმა.

ამასთან, გიორგი კანაშვილი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ კანდიდატის სტატუსს მიღებას ელოდა, თუმცა გარკვეული დათქმებით.

„ბოლო დღეებს თუ არ ჩავთვლით, მე მეჩვენებოდა, რომ „ქართულ ოცნებაში“ მაინც ელოდნენ დათქმებით კანდიდატის სტატუსის მიღებას. შესაბამისად, „ცივი შხაპის“ გადავლება, ვფიქრობ დიდად არ ეამათ. რეალურად, თუ რაიმეს ცვლილებას აპირებენ, უახლოეს მომავალში გამოჩნდება. ილუზიები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იღებს სტრატეგიულ საკითხებზე გადაწყვეტილებას, ამ ქვეყანაში არავის აღარ გააჩნია. აქამდე, ასეთ მნიშვნელოვან მომენტებში, ბიძინა ივანიშვილი რაიმე ფორმით გამოჩნდებოდა ხოლმე“,- განაცხადა გიორგი კანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსი ოკუპანტები დმიტროვკადან გავაძევეთ – უკრაინის გენშტაბი
შემდეგი სტატიაკანადამ უკრაინის დასახმარებლად დამატებით 733 მილიონი დოლარი გამოყო