ხელისუფლება, იმის გამო, რომ არ სჯის მსგავს ინციდენტებში მხილებულ პირებს, კიდევ უფრო ახალისებს დანაშაულს – კახიძე

ევროპული საქართველოს ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის, ოთარ კახიძის თქმით, ქუთაისში, მისი ოფისის დაზიანება სცადეს.

კახიძის თქმით, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში კარგად ჩანს, თუ როგორ იღებს პირი აგურს და ესვრის ოფისის მინასა და ბანერს.

კახიძე შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, რომ დროულად მოხდეს საქმის გამოძიება და პასუხისმგებელი პირების დადგენა.
კახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ ფაქტზე ინფორმირებულები არიან ეუთო/ოდირის დამკვირვებლებიც.
„ჩვენ დღეს აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი ბანერი, რომელიც იყო გაკრული ოფისის მინაზე გარედან იყო დაზიანებული, ფანჯრის წინ იყო აგურის ნამსხვრევები და იმის გამო, რომ გვაქვს დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრისთვის, დავათვალიერეთ ჩანაწერები და აღმოვაჩინეთ, თუ როგორ მოდის დაუდგენელი პირი, იღებს აგურს, ჯერ ესვრის ერთ ფანჯარას და აზიანებს ბანერს, შემდეგ ესვრის მეორე ფანჯარას. ჩამსხვრევა ვერ შეძლო, ვინაიდან მინები არის ბრონირებული და ვერ გატეხა მინა, თუმცა დააზიანა ბანერი.

ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი, ვინაიდან ძალადობრივ გარერმოს ახალისებს. მე გამოვიძახე პოლიცია, რომ მოხდეს დროულად გამოძიება, რეაგირება ამ ფაქტზე, შესწავლა და პასუხსიმგებელი პირის დადგენა. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს მშვიდად, ისეთ გარემოში, რომელიც იქნება ძალადობისაგან თავისუფალი. ყველას ინტერესშია, რომ არჩევნები არ იყოს დაკაშირებული ძალადობასთან, არეულობასთან და ასეთი ტიპის ინციდენტებთან.

ზოგადად, ხელისუფლება, იმის გამო, რომ არ სჯის მსგავს ინციდენტებში მხილებულ პირებს, როდესაც არ ატარებს შესაბამის ზომებს, ეს ქმნის დაუსჯელობის განცდას, დაუსჯელობის განცდა კი ახალ დანაშაულს ახალისებს და კიდევ უფრო ამძიმებს ძალადობრივ ფონს.

ამიტომ, მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ ამჯერად მაინც რეალური რეაგირება მოახდინონ. ამავდროულად, მინდა ვთქვა, რომ ეუთო/ოდირის დამკვირვებლები, რომლებიც დღეს იყვნენ ჩვენ ოფისში, არიან საქმის კურსში ამ ინციდენტთან დაკავშირებით და ამ საკითხს დააკვირდებიან საერთაშორისო დამკვირვებლები.
პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს იდეებით და პროგრამებით უნდა ეჯიბრებოდნენ და არა აგურებით, ქვებით და მუშტი-კრივით.

ეს ძალადობრივი გარემო უნდა შევცვალოთ 31 ოქტომბერს.“ – განაცხადა კახიძემ.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე – გამოიკვეთა ტენდენცია, რომ კოვიდის დროს მოსალოდნელია სწრაფი დამძიმება
შემდეგი სტატიაიყალთოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა