ხელისუფლება დედაენის ბაღში დისკუსიაზე თავდასხმას გეგმავს – დიღმელაშვილი

მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერის შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მხარდამჭერები გეგმავენ, რომ დედაენის ბაღში, სადაც შეხვედრა-დისკუსიაა დაგეგმილი, შეკრებილ სტუდენტებს თავს დაესხან.

„მომდის ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება” საჯარო სამსახურებში კრებს პარტიის წევრებს, რათა დედა ენის ბაღში სტუდენტებს თავს დაესხან. მოგეხსენებათ, დღეს 4 საათზე იქ საჯარო შეხვედრა-დისკუსია გვქონდა დაგეგმილი.

ე.წ. ტიტუშკების მსგავსი მობილიზაცია ვიხილეთ რეგიონებში. პროპაგანდის ამოცანაა სიტუაციის ისე წარმოჩენა, თითქოს ევროინტეგრაციის თემაზე არაა ეროვნული კონსენსუსი და არსებობს ორი სხვადასხვა, დაპირისპირებული, თანაბრად ძლიერი სენტიმენტი. ესეც “ფარდის ახდის” კამპანიის შუქშია განსახილველი.

მოკლედ, როგორც იცით “შინ ევროპისკენ” მოქმედებს არაძალადობრივი წინააღმდეგობის ტაქტიკით, შესაბამისად არ ჩაებმება პროპაგანდისტულ სცენებზე დადგმულ სპექტაკლში და ამიტომ მოვუწოდებ პოლიციას დაიცვან საჯარო დისკუსიის მონაწილეები წინასწარ მობილიზებული თავდამსხმელებისგან.

და აგრეთვე, გამოცდილება მეუბნება, რომ რაც უფრო მეტნი ვართ ჩვენ, მით ნაკლები რისკია პროვოკაციები მოხდეს, ამიტომ ყველას გეპატიჟებით ჩვენს მშვიდ დისკუსიაზე. ახლა თუ არ დავიცავით სტუდენტები ჩაგვრისგან, მერე ნუღარ გაგვიკვირდება მათი ნიჰილიზმი. გელით დედა ენის ბაღში 4 საათზე“, – აღნიშნულია შოთა დიღმელაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„შინ ევროპისკენ“ კამპანია დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ რეგიონებში საინფორმაციო კამპანიისთვის ჩასულებს მმართველი პარტია “ქართულო ოცნების” მიერ მობილიზებული აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ხვდებიან. დაპირისპირება მოხდა ქუთაისში, ოზურგეთში, ლანჩხუთში, ყვარელში, ზესტაფონში, ბათუმში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსსა და ბიბლიოთეკაში.

banner
წინა სტატიაშიმადრიდის სამიტის გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს, ალიანსმა გააგრძელოს მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენი ხალხის დაცვა, ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა ერთად დგანან ნატო-ში – სტოლტენბერგი
შემდეგი სტატიახელისუფალი ახლა გავს ცუდ მოთამაშეს, რომელმაც ბევრი წააგო, ე.წ. “ზამასკაში” ჩავარდა და ფსონებს სულ უფრო და უფრო ზრდის “ვა-ბანკამდე” – ხუხაშვილი