11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

ხელისუფლება ცდილობს სიღარიბეს ფორმა მოარგოს და ლამაზად შეფუთოს-სიღარიბე ხდება მოწესრიგებული, გაჭირვება ესთეტიკური

გაცხადება, რომელიც გივი მიქანაძისგან მოვისმინეთ, თითქოს წესრიგის შემოტანას ისახავს მიზნად-ერთიანი ფორმა, მოწესრიგებული გარეგნობა, დისციპლინა.

იდეა მართლაც ლამაზად ჟღერს. იმდენად ლამაზად, რომ რეალობასთან შეხება, როგორც ჩანს, უკვე ზედმეტად მიაჩნიათ.

თუ ამ ლოგიკას ბოლომდე გავყვებით, ქვეყანაში მთავარი პრობლემები უკვე გადაწყვეტილია: ბავშვები დანაყრებულები არიან, ოჯახებს ფინანსური სირთულეები აღარ აწუხებთ და ახლა მხოლოდ ეს „დეტალი“ გვრჩება-ყველა ბავშვი ერთნაირად უნდა გამოიყურებოდეს. თითქოს განათლება გარეგნობით იწყება და არა ელემენტარული პირობებით.

მხოლოდ ერთი უხერხული ფაქტი აფუჭებს ამ „იდეალურ სურათს“-ბავშვების მნიშვნელოვანი ნაწილი შიმშილობს, რაც საერთაშორისო კვლევითაც დასტურდება.  ეს, როგორც ჩანს, ამ ლამაზ კონცეფციაში არ ჯდება და მარტივად იწევს გვერდზე.

მთავარია ფორმა.

მშიერი ბავშვი?

არა უშავს.

მთავარია, „გასტუკი“ სწორად ჰქონდეს შეკრული და დისციპლინა დაცული იყოს. სახელმწიფოს მიდგომა აქ უკვე ირონიის ზღვარს სცდება და ცინიზმში გადადის.

თუ სიღარიბეს ვერ ერევი, შეგიძლია ის უბრალოდ შეფუთო. ფორმა ამისთვის იდეალური საშუალებაა. გარედან ყველა თანასწორია, შიგნით კი განსხვავებები კიდევ უფრო მძაფრდება.

სიღარიბე ხდება მოწესრიგებული- გაჭირვება ესთეტიკური.

„შეღავათიანი“ პოლიტიკაც ამავე ფილოსოფიას იმეორებს: თუ ოჯახი საკმარისად ღარიბია-დახმარებას მიიღებს  თუ ოდნავ ნაკლებად ღარიბია-უკვე თავად უნდა გაუმკლავდეს.

თითქოს სიღარიბესაც აქვს თავისი „სტანდარტი“  ან ბოლომდე ხარ ან საერთოდ არ ხარ. შუაში მყოფი ადამიანები კი ტრადიციულად ისევ საკუთარ თავზე არიან მინდობილნი და სწორედ აქ ხდება წალენჯიხის მაგალითი ხელისუფლებისთვის ყველაზე უხერხული.

გია ხარჩილავამ გაბედა და ყველაზე მარტივი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა დასვა: რა სჭირდება ბავშვს პირველ რიგში? პასუხიც ისეთივე მარტივი აღმოჩნდა -საკვები.

პირველკლასელთა უფასო კვების პროგრამამ აჩვენა ის, რისი დანახვაც ცენტრალურ ხელისუფლებას აშკარად არ სურდა და არ სურს: როცა ბავშვი დანაყრებულია, სწავლაც უკეთესია, სკოლაც ეფექტურია და მშობელიც ნაკლებად დატვირთული  ანუ რეალური შედეგი და არა დეკორაცია და სწორედ ეს გახდა პრობლემა. არა იმიტომ, რომ პროგრამა არ მუშაობდა პირიქით, იმიტომ, რომ მუშაობდა. იმიტომ, რომ შედეგი ჰქონდა. იმიტომ, რომ წალენჯიხის ოპოზიციურმა ხელისუფლებამ აჩვენა, რა არის რეალური პრიორიტეტი.

როცა საქმე ფორმას ეხება, გადაწყვეტილებები სწრაფია. ბავშვის დანაყრების საკითხზე კი   ყველაფერი რთულდება.

ამ ფონზე ხელისუფლების დამოკიდებულება უკვე მხოლოდ უგულებელყოფა აღარ არის. ეს არის შიში რეალური შედეგის მიმართ. იმიტომ, რომ სადაც შედეგია, იქ შედარებაც ჩნდება  და ამ შედარებაში ფორმა ყოველთვის აგებს საკვებთან.

ხელისუფლება ცდილობს სიღარიბეს ფორმა მოარგოს და ლამაზად შეფუთოს. მეორე მხარეს კი დევს კონკრეტული მაგალითი, რომელიც სიღარიბეს რეალურად ამცირებს. ერთი ქმნის ილუზიას წესრიგის შესახებ, მეორე  ამ წესრიგის შინაარსს.

საბოლოოდ, არჩევანი ძალიან მარტივია, მაგრამ აშკარად უხერხული: გვინდა ბავშვები, რომლებიც კარგად გამოიყურებიან, თუ ბავშვები, რომლებიც რეალურად სწავლობენ?

მშიერ ბავშვს ფორმა ვერ ასწავლის. დანაყრებული ბავშვი კი, როგორც ჩანს, უკვე პრობლემაა მათთვის, ვისაც მხოლოდ ფორმა აინტერესებს.

 განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, სკოლის მოსწავლეებისთვის ფორმები ოჯახებმა საკუთარი სახსრებით უნდა შეიძინონ. გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, სასკოლო ფორმას უსასყიდლოდ მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოსწავლეები მიიღებენ.

“ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას წარმოადგენს საჯარო სკოლებში დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შემოღება. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს როგორც სწავლაზე ორიენტირებული ატმოსფეროს შექმნას, ასევე მოსწავლეებს შორის სოციალური და ეკონომიკური განსხვავებების შემცირებას”,-აცხადებს მიქანაძე.

ავტორი: ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიმარტვილში წაჩხურობის დღესასწაულს აღნიშნავენ-გილოცავთ წაჩხურობას!
შემდეგი სტატიაწაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში „წაჩხურობა“ აღინიშნება