ხელისუფლება ცდილობს, გადაფაროს ფაქტი, რომ წელიწად-ნახევარზე მეტია არ იძიებს მაჩალიკაშვილის მკვლელობას – თინა ბოკუჩავა

მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ სუს-ში დაწყებულ გამოძიებას ოპოზიცია პანკისში მოკლული ახალგაზრდის, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გადაფარვის მცდელობად აფასებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა ხელისუფლებას 19 წლის მოზარდის საქმის გამოძიების გაჭიანურების გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ პროკურატურა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს.

ბოკუჩავას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს.

„აშკარაა, რომ ხელისუფლება ცდილობს, გადაფაროს ის ფაქტი, რომ წელიწად-ნახევარზე მეტია, ხელისუფლება არ იძიებს თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობას. ჩვენ ამიტომ ვითხოვთ, რომ პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, იმიტომ, რომ დღევანდელ პროკურატურას საზოგადოება არ ენდობა. ეს არის პროკურატურა, რომელიც ასრულებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ დავალებებს,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

სუს-ი გამოძიებას ტერორისტული თავდასხმის მომზადების მცდელობის მუხლით აწარმოებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა აუდიო ჩანაწერი სადაც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს ესაუბრება და სოსო გოგაშვილის მიმართ თვალთვალს სთხოვს. საგამოძიებო უწყებამ უკვე დაკითხა მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, რომელიც ჩანაწერში ფიგურირებს.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის შს მინისტრი, კრისტოფ კასტანერი – ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა, პირველ რიგში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში
შემდეგი სტატიაEBRD-მა თიბისი ბანკი საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა