ხელისუფლება ახლა ტესტავს გზავნილებს, რომლებიც იქნება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შემდეგ – ისინი ემზადებიან უარის თქმისთვის – ხუხაშვილი

ხელისუფლება ახლა ტესტავს გზავნილებს, რომლებიც იქნება გადაწყვეტილების [ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით] შემდეგ – ისინი ემზადებიან უარის თქმისთვის, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების” დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის დღევანდელ სიტყვებს, რომ „თუკი საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, საქართველომ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას“.

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, დიმიტრი ხუნდაძეს „ლოგიკას აბსოლუტურად მოკლებული გზავნილი გაატესტვინეს“.

„ხელისუფლება ახლა ტესტავს გზავნილებს, რომლებიც იქნება გადაწყვეტილების [ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით] შემდეგ. ამომრჩეველს რაღაც აბსტრაქტულ შეურაცხყოფას, ღირსების ამყრელ პირობებს გვთავაზობდა ევროპა და ასეთი ევროპა ჩვენ არაფერში გვჭირდებაო. ემზადებიან სტატუსზე უარის თქმისთვის და მეშინია, რომ ძირითადად მივიღოთ ასეთი კონსტრუქცია, რისი ტესტირებაც მათ უკვე ჩატარებული აქვთ. ხუნდაძეს ახლა გაატესტვინეს აბსოლუტურად ლოგიკას მოკლებული გზავნილი.

ეს არის გზავნილი, რომელიც მათმა გამოცდილმა სპიკერებმა არ გაახმოვანეს სპეციალურად, ქვემოდან ის [ხუნდაძე] შეაცურეს და მოსინჯეს ეს როგორ იმუშავებს. ესენი ემზადებიან 25 რიცხვისთვის, როდესაც მათ საზოგადოების ტვინის გამორეცხვა უნდა დაიწყონ ნებისმიერი შედეგის მიხედვით.

არავის უნახავს ევროკავშირის „უსამართლო პირობები“, აბსოლუტურად გაუგებარია. მათ შეიძლება პირობები ჰქონდეთ გარკვეულ რეფორმასთან დაკავშირებით. შენ თუ ევროკავშირის სახლში გინდა ცხოვრება, ამ ოჯახს აქვს თავისი თანაცხოვრების წესები. შენიშვნები მათ შეიძლება ჰქონდეთ ამ წესებთან დაკავშირებით. დავუშვათ, ვიღაცის ოჯახში გინდათ ცხოვრება და ის კაცი გეუბნებათ, რომ მის ოჯახში სიგარეტს არ ეწევიან. ხუნდაძემ შეიძლება ჩათვალოს, რომ მართლა უსამართლო პირობაა და რადგან მწეველია, მის ოჯახში უნდა მოწიოს?“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების ერთადერთი ფასეულობა არის ძალაუფლება.

„ეს შეიძლება იყოს მართული [რუსეთიდან] და თუ არ არის მართული, მაშინ ეს გამომდინარეობს ხელისუფლების ბუნებიდან. ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ არ გვყავს პრორუსული ხელისუფლება, ისევე როგორც არ გვყავს პროდასავლური ხელისუფლება. ჩვენს ხელისუფლებას აქვს ერთადერთი ფასეულობა – ეს არის ძალაუფლება. თუ მის ძალაუფლებას დასავლეთიდან ექმნება საფრთხე, ის ავტომატურად იხრება რუსეთისკენ, რადგან იქ ნაკლებ საფრთხეს ხედავს. მათ არ აქვთ ფასეულობითი არჩევანი, მათ უნდათ ძალაუფლება. ამის უკეთეს გარანტიას სადაც მიიღებენ, ევროპა იქნება თუ დასავლეთი, იქეთ წავლენ. მათ არ აქვთ პრობლემა დღეს თქვან გაუმარჯოს ნატო-ს და ხვალ გაუმარჯოს წითელ არმიას. მათ არ აქვთ პრინციპები. შესაბამისად, მათთვის ძალიან მარტივია გადათამაშება ხან აქეთ, ხან იქით და ასეც იქცევიან – გადართავენ რუსულ არხებზე და ამბობენ, რომ რუსეთი იგებს, შემდეგ გადმორთავენ CNN-ზე და ამბობენ, რომ „გაუმარჯოს უკრაინას“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ამოცანაა, თავისუფალი სამყაროსკენ სვლა, რაც მარტო ივანიშვილის გარეშე გამოვა – ბოკერია
შემდეგი სტატიამთავრობამ კიდევ ერთი უარი მითხრა საფრანგეთში, პოლონეთში, უკრაინაში ჩასვლაზე – ზურაბიშვილი