რეგიონში შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ფონზე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის უმნიშვნელოვანესია — ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
კუპრაძემ ყურადღება გაამახვილა ახალ საერთაშორისო დერეფანზე, რომელმაც შესაძლოა საქართველოს გვერდი აუაროს:
„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტის გადაჭრის შემდეგ, გაჩნდა ახალი საერთაშორისო სატრანზიტო გზა, ე.წ. „ტრამპის გზა“, რომელსაც სჭირდება გასასვლელი შავ ზღვაზე. ხელისუფლება კი თავისი პოლიტიკით უკლავს საქართველოს შესაძლებლობას, რომ ანაკლიის პორტი გახდეს ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო გზის გაგრძელება და კარიბჭე დასავლეთში“, — აღნიშნა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.
მისივე თქმით, თუ ეს სატრანზიტო გზა გვერდს აუვლის საქართველოს, ქვეყნის ბიუჯეტი და მოქალაქეები ასეულობით მილიონ დოლარს დაკარგავენ, რითაც პენსიები უნდა გაზრდილიყო, სოფლის მეურნეობა დაფინანსებულიყო და ახალი სკოლები აშენებულიყო.
კუპრაძემ ასევე აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზიდან სამ კილომეტრში მდებარე პორტსა და ახალ ქალაქ „ანაკლიას“ 20 000-მდე სამუშაო ადგილი უნდა შეექმნა მეგრელებისა და აფხაზებისთვის და გამხდარიყო მიზიდულობის ცენტრი, რომლის განათებული სანაპიროც სოხუმიდან გამოჩნდებოდა, თუმცა ეს შესაძლებლობა ამ დრომდე დაბლოკილია.

















